CNN: ტრამპი არჩევნებში დამარცხების აღიარებას საჯაროდ არ აპირებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შემდეგ, რომელმაც ჯო ბაიდენი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, დამარცხების აღიარებას საჯაროდ არ აპირებს.

ამის შესახებ CNN თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

“პრეზიდენტი საჯაროდ აღიარების გზისკენ არ მიდის მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის ისტორიული სხდომა ჩატარდა”, – აცხადებს ტელეარხი.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ტრამპი კერძო საუბრებში ამბობდა, რომ თეთრ სახლში მეორე ვადით ვერ დარჩებოდა.

ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გუშინ ჩატარდა, რომლის შედეგად 50 შტატის წარმომადგენელმა კოლეგიის წევრმა ბაიდენს 306, ხოლო ტრამპს 232 ხმა მიაკუთვნა. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის საკვანძო შტატებში: ნევადაში, ჯორჯიაში, პენსილვანიაში, არიზონაში, მიჩიგანსა და ვისკონსინში, სადაც დონალდ ტრამპი ბოლო წუთამდე იმედოვნებდა გამარჯვებას, ამომრჩეველთა კოლეგიამ ხმები დემოკრატ კანდიდატს მისცა.

ქვეყნის საარჩევნო სისტემის მომდევნო ფორმალური ნაბიჯია კონგრესში კენჭისყრა, რომელიც 6 იანვარს ჩატარდება.

ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის დაწყებამდე, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ისევ აცხადებდა, რომ თითქოს არჩევნების გაყალბება მოხდა და ის “აშშ-ის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო”.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები