გიგა ბოკერია: ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, კობახიძის სპიკერი იყოს, რა ვქნათ
“ალეკო ელისაშვილმა არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს, იყოს კობახიძის სპიკერი და რა ვქნათ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ალეკო ელისაშვილი როგორ მოიქცევა.
„გირჩი“ აქ რომ არ იმყოფებოდა, ეს მისი უფლებაა, რომელ ცერემონიაში უნდა მონაწილეობის მიღება, პოზიცია აქვს იგივე და მყარი, სიების ჩახსნა და გამოსვლა პარლამენტიდან, ვიდრე არ იქნება შეთანხმება მიღწეული. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, აქ რაღაც წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება და ამიტომ არ მინდა, რამე დავაბრალო. თავიდან ვნახე ერთნაირი განცხადება, მერე – მეორენაირი, რომ როგორც ბლოკი მოიქცევა, ისე მოვიქცეთო, ამიტომ, არ ვიცი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პოზიციას დათმობს, შეცდომას დაუშვებს, მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის პოზიცია არის მყარი. რამდენიმე ადამიანი თუ ასეთ შეცდომას დაუშვებს, ეს ვერ შეცვლის ამ სურათს და ვერ შეუმსუბუქებს ივანიშვილის რეჟიმს. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მან არჩევანი გააკეთა, რომ ოპოზიციაში აღარ იყოს და კობახიძის სპიკერი იყოს და რა ვქნათ.
ვისურვებდი, აქამდე არ მიეყვანა საქმე თავისი თავისთვის, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის საქციელი ცალკეული პერსონების მხრიდან, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ იზოლაციას არ ხსნის, მათ პოლიტიკურ კარიერას ასრულებს“, – განაცხადა ბოკერიამ.