ელისო ბოლქვაძე: 8 წელში გინდათ, აშენდეს ქვეყანა? ბიძინა ივანიშვილი ხალხს ეხმარებოდა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, სხვაგვარად ისინი მოკვდებოდნენ შიმშილით
“8 წელში გინდათ, აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?!”, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, საქართველო გაჭირვებული ქვეყანაა და სწორედ ამიტომ მოვიდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა.
„მე ამ ადამიანს ( ბიძინა ივანიშვილს) არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4000 ადამიანს დაეხმარა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს – ის ხალხს ეხმარებოდა, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა იმიტომ, რომ ისინი მოკვდებოდნენ მშიერი.
ერთპარტიული პარლამენტი თავისთავად არ არის სასურველი და ეს ჩვენ ყველამ ვიცით. დემოკრატიის ფორმატი ყველამ კარგად გავიაზროთ, დემოკრატია არის ბრძოლა ტრიბუნიდან. გაყალბებას უნდა დამტკიცება. ხალხო, როგორ შეიძლება ამდენი ლაპარაკი გაყალბებაზე, როცა არ არის დამტკიცებული? სად არის ეს საბუთები? ძალიან ბევრი რაღაც არის გადაჭარბებული. როგორ შეიძლება, სრულყოფილი იყოს სასამართლო და ყველა სტრუქტურა ამ ქვეყანაში, რამდენი წელი გავიდა, რამდენი ხანი ვითარდება დემოკრატია საქართველოში? საფრანგეთში ვცხოვრობ მე და ვიცი, რამდენი ხანი ვითარდებოდა დემოკრატია. სოციალური მდგომარეობა გგონიათ, პარიზში კარგია? მე არ ვარ სოციოლოგი, საქართველო არის გაჭირვებული ქვეყანა, გაჭირვებული რომ იყო, იმიტომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ბევრი რამ გააკეთა. 8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ არ ხართ კმაყოფილი? სტაბილურობა არ გაქვთ? ვინმე დაგესხათ თავს?“, – განაცხადა ბოლქვაძემ.