კობა გვენეტაძე: ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია

“ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტია და ნოემბერ-დეკემბერშიც ცენტრალური ბანკი, დაახლოებით, ამ დონის ვარდნას ელოდება.

„გარდა ამისა, რადგანაც ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულთან შედარებით უფრო მსუბუქია, ვფიქრობ, ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც უკვე 10 თვეში გვქონდა. აღსანიშნავია, რომ საკრედიტო აქტივობა ათ თვეში საკმაოდ სტაბილურია, რაც ეკონომიკასა და შიდა მოთხოვნას ეხმარება. რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის ხუთპროცენტიანი ზრდა შესაძლებელია, იყოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით მომავალ წელს, ამავე დროს, ნარჩუნდება საკრედიტო აქტივობაც, რასაც იმ ანგარიშებიდან ვხედავთ, რომელსაც ვიღებთ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ კოვიდისა და ასეთი პანდემიის დროს, ზოგადად, პროგნოზების გაკეთება არის ძალიან რთული და ეს დაკავშირებულია ძალიან ბევრ გაურკვევლობასთან. ანუ, ჩვენ კონკრეტულ შემთხვევას თუ ავიღებთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა მსოფლიოში, რეგიონში, საქართველოში.

ვიცით, რომ ვაქცინაცია უკვე დაიწყო ინგლისში და, იქედან გამომდინარე, თუ რა სისწრაფით მოხდება ამ ვაქცინის გავრცელება, ესეც, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს იმ პროგნოზებზე, რომლებიც ჩვენ ახლა გვაქვს“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, კობა გვენეტაძის განცხადებით, მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და ინფორმაციას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ ანახლებს. შემდეგი განახლება 2021 წლის თებერვალშია მოსალოდნელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები