„გორმედის” კლინიკური დირექტორი: ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე კლინიკური სექტორი ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას
“მე ვფიქრობ, რომ კლინიკები ძალიან მობილიზებულია. სადაც კოვიდპაციენტების განთავსება ხდება, იმ კლინიკებში ვიცით, რომ საწოლების რაოდენობა ნამდვილად არის”, – ამის შესახებ „გორმედის” კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა პრემიერმინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, მიმართვიანობა დიდია, თუმცა, ადგილები თავისუფლდება ყოველდღიურად და ახალი პაციენტების მიღება ხდება.
„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საწოლების რაოდენობა არ არის ქვეყანაში. საწოლების რაოდენობა არის, უბრალოდ, მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერანაირი სექტორი და ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ამას ვერ გაუძლებდა. ჩვენ, როგორც ქვეყანა ისე კლინიკური სექტორები ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას, ამ ეტაპისთვის ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სრულად დატვირთულია საწოლფონდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ადგილები არ თავისუფლდება ყოველდღიურად და არ შემოდის ახალი პაციენტები”, – აღნიშნა ხათუნა ხრუბმა.