„ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორი: ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი სრულად მოსამზადებლად რომ არ გამოგვეყენებინა
“ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ტრეინინგები, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, რომ არ გამოგვეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და სრულად გადამზადებისთვის არ დაგვეხარჯა, რაც მოვახერხეთ და ნამვილად საამაყოა”, – ამის შესახებ „ევექსის ჰოსპიტლების” დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა პრემიერმინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მისი თქმით, კლინიკურ სასტუმროებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, სამედიცინო მომსახურება და განთავსებულია სხვადასხვა სახის სამედიცინო აპარატურა.
„დღეს გვქონდა ყოველკვირეული გეგმური შეხვედრა. ძირითადად, შევეხეთ არსებული ჰოსპიტალური რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჰოსპიტლებზე მომაგრებული კლინიკური სასტუმროები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილია, როგორც სამედიცინო მომსახურება, გარკვეულ დონეზე თერაპიულიც, განთავსებულია სხვადასხვა აპარატურა, რაც მნიშვნელოვანია და სჭირდება პაციენტს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ჰოსპიტლური საწოლები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მძიმე პაციენტებისთვის და ვფიქრობ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა, რაზეც მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ტრეინინგები, ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით 2-3 კვირის განმავლობაში 1 100 საწოლის გამოყოფას, 6 000 გადამზადებული სამედიცინო პერსონალით, რომ არ გამოგვეყენებინა აპრილიდან-აგვისტოს ჩათვლით პერიოდი და სრულად გადამზადებისთვის არ დაგვეხარჯა, რაც მოვახერხეთ და ნამვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ბუნებრივია არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ არსებობს არცერთი საქმე გარკვეული ხარვეზის გარეშე”, – აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.