„თუ ვინმე არ აღიარებს ამ არჩევნებს, ეს თავად ოპოზიციაა, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებას“- ლადო ბოჟაძე

ჩვენი პარტნიორი ელჩების ხაზგასმა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ეძახიან მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მთელი მსოფლიო და ჩვენი დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აღიარებენ, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო ბოჟაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა.

როგორც ლადო ბოჟაძე აცხადებს, ხელახალი არჩევნების ჩატარების რეალური საფუძვლები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ დღევანდელი რაუნდი გარკვეული შედეგებით, კომპრომისით დასრულდება. რიგგარეშე არჩევნების საკითხი, როგორც ჩანს, ყველაზე მთავარი საკითხია, რომელიც ისევე მნიშვნელოვანი და პრინციპულია „ქართული ოცნებისთვის“, როგორც თავად ოპოზიციისთვის. თქვენ იცით, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების რეალური საფუძვლები, ფაქტობრივად, არ არსებობს. არჩევნები უკვე ჩატარებულია, შეჯამებულია. ამიტომ, გვრჩება რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნების საკითხი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით რეგულირდება. თუ კონსტიტუციური მდგომარეობა და აუცილებლობა არ დადგა, პრეზიდენტი ვერ დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს: თუ პროპორციულ ნაწილში საარჩევნო უბნების დაახლოებით 10 % გაბათილდებოდა, მაშინ გაიმართებოდა განმეორებითი კენჭისყრები მხოლოდ იმ უბნებში, სადაც გაბათილდებოდა შედეგები. თუ ეს რაოდენობა იქნებოდა ნახევარზე მეტი, მაშინ ვალდებული იქნებოდა საარჩევნო ადმინისტრაცია, დაენიშნა ხელახალი არჩევნები, ისიც მხოლოდ პროპორციულ ნაწილში.
ჩვენი პარტნიორი ელჩების ხაზგასმა, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან ეძახიან მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მთელი მსოფლიო და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღნიშნული არჩევნების შედეგებს აღიარებენ.
რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. თუ ვინმე არ აღიარებს ამ არჩევნებს, ეს არის თავად ოპოზიცია, ჩვენ ვხედავთ დასავლეთის განწყობას, დამოკიდებულებას“- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ბოჟაძემ ხელისუფლებისადმი ოპოზიციის 4-პუნქტიანი შეთავაზების გეგმაც შეაფასა, რომელიც მედიით 2 დღის წინ გავრცელდა.

„რაც შეეხება 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა, ამ გეგმაშივე იკითხება, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, აღიარებს არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგების აღიარების ერთი ეტაპი ოპოზიციამ უკვე განახორციელა, ვგულისხმობ სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე თანხმობის გაცხადებას. 14 პარტიიდან 11-მა თანხმობა განაცხადა და მიიღო სახელმწიფო დაფინანსება.
მეორე თემაა ასევე მნიშვნელოვანი, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით, სრულად პროპორციული სისტემით თვითმართველობის არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. აქაც ოპოზიცია ითხოვს პროცენტის და ბარიერის დაწესებას . აქაც ოპოზიცია აღიარებს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი არიან 1 %-იანები, 3%-იანები და 2021 წელს 4%-იანი პროპორციული ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. ასევე საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე, სადაც 5 %-იანი ბარიერი გვექნება, შეიცვალოს პროცენტი და ჩამოვიდეთ კვლავ 1%-ზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და აღიარებენ, რომ არ აქვთ რესურსი პროპორციულ ნაწილში 2021 წელს 4 %-იანი ბარიერი გადალახონ და ასევე 2024 წელს 5 %-იანი ბარიერი გადალახონ.
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას: იცით, რომ თამარ ჟვანია ცესკო-ს ხელმძღვანელად სწორედ იმ 3 არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციით წარადგინა მიხეილ სააკაშვილმა. არა მხოლოდ თამარი, მათ შორის კომისიის 5 წევრი ამ 3 ორგანიზაციის და სამოქალაქო სექტორის წარდგენილები არიან. კანონმდებლობით აქაც დარეგულირებულია ის, რომ სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებით, პრეზიდენტის, ცესკო-ს , თუ პარლამენტის ჩართულობით დაკომპლექტდეს საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ მოთხოვნას საერთოდ რა აზრი აქვს?

ასევე მნიშვენლოვანი თემაა პლებისციტის საკითხი. იცით, რომ 2007 წლის 2 ნოემბრის აქციებზე, რომელსაც შემდეგ 7 ნოემბერი მოჰყვა, ერთერთი მთავარი მოთხოვნა იყო სწორედ მორიგი და არა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება 2008 წლის გაზაფხულზე, რაზეც მაშინდელმა ოპოზიციამ პასუხად მიიღო 7 ნოემბერი, დარბევა. სააკაშვილს მოუწია გადადგომა და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდა პლებისციტი, სადაც იყო კითხვა დასმული საზოგადოებისთვის – მორიგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2008 წლის შემოდგომაზე , თუ გაზაფხულზე. საუბარი იყო მორიგ არჩევნებზე და არა რიგგარეშეზე. თუ ოპოზიციას წარმოუდგენია, რომ ჩვენ ახლა მაგათ გამო კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ვგულისხმობ პლებისციტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზაფხულზე, რომ გავიგოთ რა განწყობა აქვს საზოგადოებას ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ჩვენ ეს განწყობა უკვე ვნახეთ 31 ოქტომბერს, 2018 წელს, 2016 წელს და ა.შ. თუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად , პარალელურად ჩავატაროთ პლებისციტი, ეს შეიძლება გონივრული იყოს, მაგრამ რა შეიძლება მოგვცეს ამან? იცით, რომ პლებისციტი სავალდებულო არაა ხელისუფლებისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ასე რომც გადაწყვიტოს და მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ მაინც უნდა წავიდეთ კონსტიტუციური გზით და ხელოვნურად დადგეს ის კონსტიტუციური რეალობა, რომ პრეზიდენტი იძულებული იყოს, დანიშნოს არჩევნები. ის, რომ ასეთი შეთანხმებული მოთხოვნები ოპოზიციას გააჩნია და ესაა მოლპარაკების საგანი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საარჩევნო სისტემის, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ჩვენ ისედაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი – აღნიშნული მუდმივად საჭიროებას განახლებას, განვითარებას. ეს იქნება, თუ არა წინაპირობა იმისა, რომ ვინმე 11 დეკემბერს პარლამენტში შევიდეს, უკვე თავად ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, იცით, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს“- განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს. აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული ვითარებიდან გამოსვლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი მედიით გავრცელდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები