„მჯერა ზურაბ აბაშიძის, კარასინი და რუსეთის საგარეო უწყება, როგორც ყოველთვის, ცრუობენ“ – ვახტანგ მაისაია

“მე მჯერა ზურაბ აბაშიძის, კარასინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით ლაპარაკობენ სიცრუეს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს.

მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ეხება, ალბათ, ყველაზე აქტუალურ საკითხს, რაც მოხდა საქართველოს საგარეო- პოლიტიკური კუთხით, ეს არის კარასინ- აბაშიძის ონლაინშეხვედრა, რომელიც მათივე ფორმატის ფარგლებში გაიმართა. საინტერესოა კრემლის საინფორმაციო სააგენტოებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური და პოლიტიკურად თავხედური განცხადებები, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ, თურმე, კარასინ-აბაშიძის შეხვედრის დროს განხილულა გასული წლის ივნისის მოვლენები. ბატონმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ ეს საკითხი არ განხილულა. მე ბატონ ზურაბს პირადად ვიცნობ, ვმეგობრობ მასთან. აბსოლუტურად მჯერა მისი. მჯერა, რომ ის ამბობს ჭეშმარიტებას. კარასინი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ყოველთვის, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით ლაპარაკობენ აბსოლუტრად სიცრუეს, რაც გასაკვირი არაა. საბჭოთა პროპაგანდისტული მედიატექნოლოგია მათთვის კარგადაა ადაპტირებული. აქ საინტერესოა ის, რომ თუ ეს საკითხი იყო განხილული, ამაშიც არ ვხედავ პრობლემას. ჩვენ შეგვიძლია, ქართული ანდაზა გამოვიყენოთ: ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის. ამ კუთხით შეიძლებოდა ამის გახილვა.

საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, პოლიტიკური ღირსება. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან საომარ ვითარებაში ვიმყოფებით. რუსეთი ჩვენი მტერია. ეს ოფიციალურად ასეა, სამხედრო- პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. მეორეც, მინდა, აღვნიშნო ის გარემოება, რომ კი, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები აუცილებელია. ჰუმანიტარული და ეკონომიკური ურთიერთობები, მე თუ მკითხავთ, არ უნდა იყოს პრობლემა, თუმცაღა, არაა სასურველი, როცა ქვეყანა შენი პოლიტიკური მტერია, მასზე იყო მიჯაჭვული სავაჭო-ეკონომიკური კუთხიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ეს ეკონომიკური უსაფრთხოების მოწყვლადობის პირობებს ქმნის“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
ცნობისთვის, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის – ზურაბ

აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ურთიერთგაგება დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში, ქართველი ნაციონალისტების მიერ, ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია”, – განაცხადა აბაშიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები