“დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა” – ბიძინა ივანიშვილი
“დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პატრიარქთან განშორება საკუთარ თავში არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ, ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას იტევს.
“ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას – დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას.
დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.
სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს – არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ, ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.