“შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და გვაკურთხებდა” – მიტროპოლიტი შიო

“ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, აი, დადგა წუთები, როდესაც სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში განაცხადა.

„სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც ხორცი შეასხა შემდგომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივით და ღვაწლით. აი, ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საკათედრო ტაძრისადმი, საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ წმინდა ტაძარში. დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციით, გრძნობებით, სიტყვებით. მგონი, ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება. ალბათ, კიდევ ერთი რამ, რაც უნდა ვთქვათ, შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაშიც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და გვაკურთხებდა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები