“ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება, რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას” – შალვა პაპუაშვილი
“ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება, რადგან ის, რაც ჩვენ გვტკივა, სცდება ჩვეულებრივ ტკივილს და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, სცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ ვდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარდგა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი სამწყსო, მისი სულიერი შვილები.
“უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით – ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა.
ჩვენი ორიათასწლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი.
უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწმყოსთან, ხოლო აწმყო მომავალთან დააკავშირა.
და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღმდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტომ, შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო იმიტომ, რომ იცოდა მთავარი.
უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს: თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა, აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე – სიყვარულზე.
ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი. მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.