“ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი, მისი დაუღალავი მქადაგებელი; იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება, გიყვარდეს ყველა” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი, მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება, გიყვარდეს ყველა – შინაურიც თუ უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქმა შეძლო შეუძლებელი – როგორც ქრისტიანმა, აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა – დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა – ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი.

“დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ.

სწორედ ეს იყო მისი მთავარი ოცნება, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი. მან ეს შეძლო. და სწორედ ასე წარდგა უფლის წინაშე – პირნათელი და მადლმოსილი.

ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს.

მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება.

ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ.

ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი.

“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი”.

საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო!”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები