“არცერთი ბიზნესისთვის არაა სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”

“არცერთი ბიზნესისთვის არ არის სასურველი რაიმე სახის შეზღუდვები და ჩვენთვისაც მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან, ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად ითვალისწინებს წარმოქნილ სირთულეებს და დასახმარებლად მათ საკომპენსაციო პაკეტს სთავაზობს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, შემუშავებული მხარდაჭერის პაკეტის ჯამური ღირებულება მილიარდ ას მილიონ ლარს აღემატება და სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს.

„სარესტორნო სექტორის თანამშრომლებისთვის ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება გაიცემა დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად. ასევე, გათვალისწინებულია დახმარებები როგორც ჩვენი სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება, აღნიშნული ეკონომიკური კრიზისი შეეხოს. კერძოდ, თუ ისინი სამსახურს დაკარგავენ, ან შემოსავალი შეუმცირდებათ. ჩვენი აზრით, საკომპენსაციო ღონისძიებები ამ ადამიანებს ყოფას ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქებს.

ასევე, ჩვენ ჩამოვწერთ ოთხი თვის განმავლობაში გადავადებულ საშემოსავლო გადასახადს და გარდა ამისა, კიდევ ერთხელ, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნულ ბიზნესებს შევთავაზებთ საშემოსავლო გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ, არსებული შეზღუდული რესურსის პირობებში, მთავრობა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დასახმარებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და, ამასთან ერთად, ბანკებთან თანამშრომლობს ინდივიდუალურ რეჟიმში მათი სესხების რესტრუქტურიზაციაზე.

„ეს არის რთული ბალანსი, რომელიც ვალდებული ვართ დავიცვათ ეკონომიკის ინტერესებს, მოსახლეობის ინტერესებს და ვირუსის გავრცელების მართვას შორის“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები