“ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში” – პოლიტოლოგთა ასოციაცია
„ოპოზიციამ კვლავ არ მოისმინა პროფესიონალთა აზრი, სამაგიეროდ მოისმინა და შეისმინა გვარამიას მოწოდება, რომელიც აქციისკენ მოუწოდებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს”, – ამ სიტყვებით ეხმაურებიან საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას და მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამართულმა საპროტესტო აქციებმა შეუწყო ხელი.
საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ქვეყანაში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში
„სამწუხაროა, რომ ამ თემაზე კვლავ მიწევს საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური აქტორების გამორჩეულ უპასუხისმგებლობაზე, რასაც მძიმე შედეგი მოაქვს საქართველოსთვის. ჩვენ ყველას გვახსოვს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართული აქცია აჭარაში, რომელიც 16 ოქტომბერს ჩატარდა, რა თქმა უნდა, აქციაზე დაცული არ იყო კოვიდ რეგულაციები, რაც პანდემიის გავრცელების ალბათობას ზრდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია იყო და არის, რომ აქციას არ შეეძლო ვირუსის გავრცელება, ხოლო პროფესიონალები ამბობდნენ, რომ აქციის შედეგს 4-5 დღის შემდეგ ვნახავდით. პროფესიონალთა პროგნოზი სამწუხაროდ გამართლდა. აქციის გამართვამდე ინფიცირებულთა რიცხვი 1000-ზე ნაკლები იყო, ხოლო აქციის შემდეგ აშკარა ზრდის დინამიკა გვაქვს (იხ. ცხრილი 1).
ამის შემდეგ ოპოზიციამ კვლავ არ მოისმინა პროფესიონალთა აზრი, სამაგიეროდ მოისმინა და შეისმინა გვარამიას მოწოდება, რომელიც აქციისკენ მოუწოდებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. მათი შემდგომი აქცია 1-ელ ნოემბერს გაიმართა, აქციაზე შეთანხმდნენ, რომ 8 ნოემბერს კვლავ შეიკრიბებოდნენ, აქციების შემდეგ კვლავ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ (იხ ცხრილი 2).
ცხრილები ნათლად ასახავს პანდემიის გავრცელებაში აქციების და ოპოზიციის როლს, აქციების შემდეგ გვაქვს ინფიცირებულთა რიცხოვნობის აშკარა ზრდა, გვესმის რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს საკუთარი დანაშაული, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, არსებული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს საქართველო შეიყვანოს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ კრიზისში”, – აღნიშნულია განცხადებაში.