ალიევი: როდესაც ფაშინიანმა 7 პირობა შემოგვთავაზა, მე ვუთხარი – შენს შვიდ პირობას ნაგავში ვყრი

„როგორც პრეზიდენტმა, მე ყველაფერი გავაკეთე წლების განმავლობაში იმისთვის, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში ყოფილიყო. ქვეყნის შიგნით პატრიოტიზმის, ეროვნული სიამაყისა და სოლიდარობის გრძნობები უნდა გაიზარდოს. ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე ყოველთვის უნდა განიხილებოდეს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.
„ყველამ უნდა იცოდეს, რა არის სიმართლე, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის აგრესორი და ვინ არის მსხვერპლი – ჩვენ ამას მივაღწიეთ, ეს ყველამ იცის მსოფლიოში.
ომის დროს უცხოურ პრესაში დავინახეთ, რომ ვრცელდებოდა მიკერძოებული, ისლამოფობიური, ანტიაზერბაიჯანული, პროსომხური ინფორმაციები. მიუხედავად ამისა, ინფორმაციული ომი ჩვენ მოვიგეთ, გავიმარჯვეთ ბრძოლის ველზე, გავიმარჯვეთ ინფორმაციულ სივრცეში, გავიმარჯვეთ პოლიტიკურ ასპარეზზე.
პირველივე დღეებიდან ვთქვი, რომ ეს საკითხი სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით უნდა გადაწყვეტილყო. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვეძლო, სამხედრო შეტევები შეგვეჩერებინა. ამისთვის მზად ვიყავით, ოღონდ ერთი პირობით – ფაშინიანს პირადად უნდა ეთქვა, თუ როდის დატოვებდა ჩვენს მიწებს, მან ეს ვალდებულება უნდა აეღო.
იმ დროს, როდესაც ფაშინანმა 7 პირობა შემოგვთავაზა, მე ვუთხარი: შენს შვიდი პირობას ნაგავში ვყრი, – უარი თქვი, ჩვენი მიწიდან გადი. მას რომ ჩემთვის მოესმინა, ამ სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა ”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. მოგვიანებით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, თუმცა, ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა და ომი გრძელდებოდა.
9 ნოემბერს, გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს. სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა – ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა -ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები