სრული „ლოქდაუნი“, თუ წერტილოვანი შეზღუდვები – რა გავლენა ექნება რეგულაციების გამკაცრებას ეკონომიკაზე

საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციები გასამკაცრებელია, თუმცა, იმ ტიპის შეზღუდვებს არ ემხრობა, რაც გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ტალღისას იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მთავარი თემაა ეკონომიკა და ის შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს. სამწუხაროდ, რეალურად, კოვიდპანდემია პირველი ვირუსული პანდემიაა, რომლის მძევალიცაა არა მარტო ქართული ეკონომიკა, არამედ – გლობალური ეკონომიკა. ჩვენ გვახსოვს, გზაფხულზე, როცა პირველი „ლოქდაუნები“ განხორციელდა, თუ როგორი იყო მისი შედეგები ეკონომიკაზე. ფაქტობრივად, ყველა ქვეყანა, რომელმაც განახორციელა „ლოქდაუნი“, ამა თუ იმ ფორმით ვერ აცდა მიწოდების თუ მოთხოვნის ჯაჭვების წყვეტას და ეკონომიკური ვარდნა აქვთ. არა მარტო საქართველოშია პროგნოზით წლის ბოლოს ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელი, არამედ – ძალიან ბევრ ქვეყანაში. თემა ასე დგას: „ლოქდაუნი“ უნდა განხორციელდეს თუ არა, რა წინაპირობები არსებობს „ლოქდაუნისთვის“ და თუ ის განხროციელდება, რა შედეგები იქნება. თუ სხვა რამ უნდა გაკეთდეს?

ჩემი აზრით, თემა, რომ „ლოქდაუნს“ ქართული ეკონომიკა ვერ გაუძლებს, არის პირობითი. უბრალოდ, ძალიან მძიმე შედეგები იქნება. ჩვენ ხომ ვნახეთ პირველი ტალღის დროს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვამ არა მარტო ეკონომიკები შეკუმშა, არამედ გაზარდა უმუშევრობა, შეამცირა შემოსავლები. „ლოქდაუნი“ არის ყველაზე უკიდურესი ფორმა, რომელიც  შეიძლება, განხორციელდეს. ალბათ, გაუძლებს ეკონომიკა, მაგრამ ვაი მაგ გაძლებას. ეს ქვეყანაზე ძალიან მძიმედ აისახება, ანუ ეკონომიკის ვარდნა ძალიან მაღალი იქნება. ეკონომიკის გაჯანსაღება კიდევ 1 წლით გადაიდება. იცით, რომ, ყველა პროგნოზებით, ჩვენ კი გვექნება ვარდნა 4-დან 5 %-მდე, მაგრამ მომავალი წლისთვის პროგნოზი დადებითია. ძალინ მძიმე შედეგები გულისხმობს იმას, რომ უმუშევრობა მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. შემოსავლები შემცირდება, კიდევ მოგვიწევს ვალების აღება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობამ შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება მყისიერად არ მიიღო და ჯანდაცვისა და ბიზნესსექტორთან კონსულტაციები დაიწყო.

„მეორე უკიდურესობაა ის, თუ ეს შეზღუდვები არ განხორციელდება. ამ შემთხვევაში, ვირუსის შემთხვევების პიკისკენ მიმავალი ტრენდი შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს – შესაძლოა, ეს 5-6 ათასამდეც იყოს. ესეც პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას. მარტო მომხარებელი კი არ დაზარალდება პანდემიის შედეგად, არამედ კომპანიების თანამშრომლები დავირუსდებიან. ისევ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ორი უკიდურესობაა. ამიტომ, ასეთი პრიობებში რაც გაკეთდა, არის ის, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება და დაიწყო კონსულტაციები როგორც ჯანდაცვის სექტორთან, ისე – ბიზნესთან. ამას მივესალმები. მიდის მოლაპარაკება, რა ტიპის შეზღუდვები  შეიძლება, იქნას შემოღებული. აქ საუბარი არ არის კლასიკურ „ლოქდაუნზე“, აქ წერტილოვან ღონისძიებებზეა საუბარი.

პირველი „ლოქდაუნი“ იმით იყო გამოწვეული, რომ არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა მომავალი, გაურკვეველი იყო, როგორ უნდა მომცხადარიყო ვირუსის ლოკალიზაცია. დღეს უკვე ბევრი რამაა გარკვეული. რამდენიმე ტიპის ვაქცინაზეა საუბარი. რაკი გამოცდილება გვაქვს, ღონისძიებებიც უფრო მოქნილი უნდა იყოს. ყველაზე დიდი გავრცელება სადაა: დახურულ სივრცეში, სადაც მასობრივი თავშეყრის ადგილებია. ესაა რესტორნები, ფიქტნესკლუბები. ცალკე თემაა ტრანსპორტი. როცა ტრანსპორტს აჩერებ, ადამიანებს უჭირთ გადაადგილება,სამსახურში მისვლა. ეს მოსაფიქრებელია. შეიძლება, შეიზღუდოს ყველა ის მიმართულება, სადაც დახურული სივრცეა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცუცქირიძის თქმით, „ლოქდაუნის“ შემთხვევაში, ბიზნესების გაკოტრება დაიწყება.

„ლოქდაუნზე“ საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი. ამ „ლოქდაუნს“ კი გადავიტანთ, მაგრამ შედეგები ძალიან მძიმე იქნება. დიდი ალბათობით, ქვეყანა კიდევ 2 წელი ვერ ამოვა ამ რეცესიიდან, თუ ვარდნიდან. მასობრივად მოხდება სამუშაო ადგილების დაკარგვა. რაც მთავარია, ბიზნესების გაკოტრება დაიწყება. დღემდე ბიზნესების გაკოტრება არ მომხდარა. ბიზნესების აქტივობა შემცირდა, ის არ არის, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ, ავად თუ კარგად, ფუნქციონირებენ. ბიზნესები არა უბრალოდ გაჩერდება, არამედ ამან შეიძლება, გამოიწვიოს გაკოტრებების მთელი სერია. ამიტომ არის „ლოქდაუნი“ არასასურველი ფორმა. მთავრობამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანა არ გახდეს იძულებული, შევიდეს „ლოქდაუნის“ ფაზაში. ეს უნდა ავიცილოთ. ეს არის სამმხრივი: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობა/ ამ სამი ფაქტორის ერთობით შეიძლება, ავიცილოთ „ლოქდაუნი“, თუ ეს ვირუსი ასე წავიდა, მთავრობა იძულებული გახდება, “ლოქდაუნზე” წავიდეს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე განცხადებით, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ფაქტორის გარდა, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებიც არსებობს.

„ასევე არის კიდევ ორი ფაქტორი: სოციალური და პოლიტიკური. სოციალური ფაქტორია თავად ადამიანების დამოკიდებულება ამ ვირუსთან. ვნახეთ, რომ საქართველოში ადამიანები ცოტა არასერიოზულად მიუდგნენ ამ ვირუსს.
შემდეგი თემაა პოლიტიკური ფაქტორი. პოლიტიკურმა კლასმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პარლამენტში არ შედიან და ამაზე არის ჭიდაობა, რადიკალიზაცია არის პრინციპულად მიუღებელი. ყველაზე კარგი ტრიბუნა ზუსტად პარლამენტია, სადაც შეგიძლია  ნებისმიერი საკითხის დაყენება. რაც ყველაზე მთავარია, გვჭირდება ახალი ბიუჯეტი, მთავრობა, ახალი პროგრამების დაფინანსება. ამიტომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური კლასი ამ საკითხს პოზიტიურად მიუდგება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავქვს ასეთი მოცემულობა: ზამთარი და გაზაფხული. ყველაზე მძიმე პერიოდი ეს იქნება. თუმცა, აქ ერთი ფაქტორია, რაც ახალ წელთანაა დაკავშირებული, რაც ქმნის გარკვეულ პრობლემებს: ადამიანებს ვერ ავუკრძალავთ, რომ წინასაახალწლოდ მსხვილ სავაჭრო ობიექტებში შევიდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ იმ ტიპის შეზღუდვების მომხრე არ ვარ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს მთლიანად, როგორც პირველი ტალღისას იყო, მაგრამ გარკვეული მოფიქრება, მოდიფიკაცია შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც, გარკვეული დღეების, საათების მიხედვით. ეს მოსაფიქრებელია, გასათვლელია.
ერთი რამეც უნდა ითქვას: ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რაც შემოღებული იყო, არ სრულდებოდა. საუბარია ქუჩაში, ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებში ქცევის წესებზე. ტრანსპორტს მოუწევს გარკვეული რეგულაციების გამკაცრება. ვხედავთ, ხშირად ირღვევა რეგულაციები, მაინც აჰყავთ ზედმეტი ხალხი, რაც პრინციპულად მიუღებელია.
გავიხსენოთ თუნდაც ის მიტინგები, რაც წინასაარჩევნოდ იყო, არ ჯდებოდა არანაირ ლოგიკაში. იმ ტიპის პოლიტიკური ეგზალტაცია მიუღებელია. ეს ვირუსი გადადის ზუსტად მაშინ, როცა ადამიანების დიდი მასა კონცერტრირდება კონკრეტულ ადგილზე. ეს ფაქტია. ამის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა კლასმა“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები