კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კერძო კომპანიები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდებიან, რომელიც დღეს, 25 ნოემბერს იწყება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.

„გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე – მის გარეთ, ავამაღლოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს”, – ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ, მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა აქტივობაში სწორედ ნარინჯისფერს იყენებენ. კამპანიის მხარდასაჭერად, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება. ცნობიერების ასამაღლებლად, ამ 16 დღის განმავლობაში, კომპანიები გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც გაავრცელებენ.

ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ეხმარება. პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი 80 კომპანიას აქვს მოწერილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები