დევიდ კრამერი: მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია

“გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ”, – ასე გამოეხმაურა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გამოწვეულ პოლიტიკურ ვითარებას.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია.

“გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ. არ მგონია, ამ გამოსავლის მონახვა ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შეიძლება, ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება, ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია, პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა – რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს. ზუსტად რა შეიძლება, იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა და, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, თქვან: რატომ დავეხმაროთ საქართველოს, როცა ქვეყანა ასეთი არეულია. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გადაიჭრება თანასწორად და სამართლიანად და იმედი მაქვს, ყველაფერი სწრაფად მოგვარდება”, – განაცხადა კრამერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები