როცა სიტყვას სიკვდილის დამარცხება შეუძლია – მიხეილ ჯავახიშვილი – 140

მიხეილ ჯავახიშვილის (1880-1937) უკვდავებას მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი ჩვენი დროის საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი მწერალია, ვიდრე მას სიცოცხლეში მიიჩნევდნენ.
ილია ჭავჭავაძის შემდეგ ქართული აზრისა და სიტყვიერების სალაროს უფრო დიდი შემომწირველი არ ჰყოლია. ილიას საბედისწერო აღსასრული ბევრ მის თანამედროვეს აღუწერია, მაგრამ 27 წლის მიხეილ ჯავახიშვილის მიერ გადმოცემულ აგონიას, რასაც მას ილიას სისხლით მოთხვრილი ბალიში და მის გულში გავლილი ტყვია აღუძრავს, ბადალი არ მოეპოვება. ეს უკვე არის დიდი ლიტერატურა და უკვე ჩანს, ვინ უნდა მოევლინოს მისი სახით ქართულ მწერლობას.
მან პუბლიცისტობით დაიწყო თავისი მოღვაწეობა, ქართულ თეატრს, ასევე ევროპულ მწერლობას და პოლიტიკას ეძღვნებოდა მისი პირველი ნაწერები. იგი სანდრო ახმეტელთან ერთად უნდა ჩაითვალოს ეროვნული თეატრის თავისებურების და ხასიათის მკვლევრად, ქართული პლასტიკური ფორმის სცენაზე დამკვიდრებისთვის მებრძოლად. როცა სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, მიხეილ ჯავახიშვილმა მისი თხოვნით დაწერა პიესა „ივერიუმი”, რომელიც ალბათ ქართული თეატრის ახალ მანიფესტად იყო ჩაფიქრებული. სამწუხაროდ, ეს პიესა არ განხორციელებულა და დღემდე დაკარგულად ითვლება. აშკარად მაშინდელმა უშიშროების სამსახურმა „იზრუნა” ამაზე. ათი წლის მერე სანდრო ახმეტელი და მიხეილ ჯავახიშვილი უკვე ფიზიკურად გააქრო ამავე სამსახურმა.
ის 10 წელი კი (1927-1937) ქართული მწერლობის და თეატრის ნამდვილი რენესანსის ხანაა. ორივემ თავიაანთი მთავარი სათქმელი იმხანად ამოთქვეს და დაუტოვეს თავის ქვეყანას დასაკვირვებლად და ღრმად გასააზრებლად, რომ ქართულმა კულტურამ უნდა იაროს ევროპეიზმის გზით.
მიხეილ ჯავახიშვილი არის უაღრესად ევროპული მოვლენა ქართულ სინამდვილეში. მისი ლიტერატურული ტიპები და ხასიათები ზედროული ნიშნებით არიან აღბეჭდილნი და ჩვენს დღევანდელობაში, როცა არცთუ იშვიათად გამოერევა ხოლმე ჯაყო, კვაჭი ან დამპატიჟე, ჩვენ უმალ დიდი მწერალი გვახსენდება…
მიხეილ ჯავახიშვილმა ქართული ენის გამომსახველობა ახალ ხარისხში აიყვანა. მისი ულევი ბარაქა და გამოთქმის უნიკალურობა ხილულ სასწაულად დაამკვიდრა. როცა ჩვენ თვალით მივყვებით ამ ტექსტებს, გულს აღმოჩენის სიხარულთან ერთად სიამაყეც ეუფლება.
ბედნიერია საქართველო, რომ მის წიაღში იშვა ასეთი კურთხეული ნიჭის ადამიანი. ტრაგიკულად არ დამთავრებულიყო მისი სიცოცხლე, გასაკვირი ეს იქნებოდა, ისეთ მღვრიე და ულმობელ დროსა და გარემოში მოუწია ცხოვრებამ.
სულ 56 წელს გასტანა მიხეილ ჯავახიშვილის ამქვეყნიურმა ყოფამ და რამდენი რამ მოასწრო! რომ დასცლოდა და ბუნებრივი აღსასრული რგებოდა, კიდევ რამდენად გაფართოვდებოდა ქართული გონისა და მსოფლაღქმის სამყარო?!
დღეს დიდი მწერლის 140 წლისთავია. გონიერი საქართველოსთვის მიხეილ ჯავახიშვილი მარადიულ დღესასწაულთან ასოცირდება, იმ იშვიათ გამონაკლისთან, როცა სიტყვას სიკვდილის დამარცხება შეუძლია.

გიორგი ლალაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები