თამაზ გაიაშვილი: გეკითხებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი რუსეთის ლანძღვით დაიბრუნა?

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა და იმ კეთილმეზობლური ურთიერთობის მიღწევა, რომელიც ისტორიულად ორ ქვეყანას ჰქონდა.

“კვირა” თამაზ გაიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მე, როგორც ერთი, რიგითი მოქალაქე, თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ სრულიად საქართველოს, ვინაიდან ქვეყანა რიგითი მოქალაქეებისგან შედგება. რამდენიმე დღის წინ ჩვენზე პატარა მაკედონიასთან ფეხბურთში დავმარცხდით. გულდასაწყვეტია, როდესაც დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანა ასე მნიშვნელოვან მატჩს საკუთარ სტადიონზე აგებს. ნათქვამია: გაქვს ქვეყანა, გაქვს ფეხბურთი, არ გაქვს ქვეყანა, არ გაქვს ფეხბურთი. ამ მატჩის ბედმა ჩემს ქვეყანაზე კიდევ ერთხელ დამაფიქრა. მე არ ვამბობ, რომ ქვეყანა არ გვაქვს-მეთქი. ქვეყანა გვაქვს, მაგრამ მთლად სწორი გზით ვერ მიგვყავს… ქართველი ხალხი გულნატკენი ვართ და უზომო დარდს დავატარებთ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია ჩვენი საერთო და საზოგადო ტკივილი. ამ ტკივილს ისიც აძლიერებს, რომ ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისთვის ვიბრძვით, ჩემი აზრით, არასწორია.
მე ამიერკავკასიაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ვადევნებ და სურვილი მიჩნდება, რომ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც რუსეთისა და მისი ხელმძღვანლის ლანძღვით არის გართული, შევეკითხო – აზერბაიჯანმა და, კერძოდ, მისმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის ლანძღვა-გინებით დაიბრუნა მთიანი ყარაბაღი? არა, რა თქმა უნდა. მან ეს რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ ნაშენები და მისხალ-მისხალ ნაკოწიწები კეთილმეზობლური ურთიერთობით მოახერხა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი რაფინირებული დიპლომატი და უზადო პოლიტიკოსი გამოდგა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მიზნის მისაღწევად. მან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მეთოდებით მთელი მსოფლიო დაარწმუნა აზერბაიჯანელი ხალხის სიმართლეში და ამ გზით შეძლო, გამარჯვებისთვის მიეღწია. ვიღაც აუცილებლად იტყვის, რომ აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და მისი წარმატებული პოლიტიკაც ამით არის განპირობებული. ასე არ არის. წარმატების პირობას მარტო ნავთობი რომ ქმნიდეს, ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვენესუელა იქნებოდა, მაგრამ იქ სხვა რეალობაა. წარმატების უმთავრესი პირობა სიბრძნე და გონიერებაა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს, ვინმეს ვმოძღვრავდე, მაგრამ ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა განვსაზღვროთ და გადავწყვიტოთ, თუ რა გზას უნდა დავადგეთ იმისთვის, რომ საწადელს მივაღწიოთ.
პირადად ჩემთვის ერთი რამ სრულიად ნათელია: ამ ოცდაათი წლის მანძილზე ნატო-სა და ევროკავშირის გაუთავებელი ძახილით ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით. ნაბიჯიც ვერ წარვდგით წინ. განა ამ ფაქტმა ყოველი ქართველი არ უნდა დააფიქროს იმაზე, თუ რამდენად სწორ გზას ვადგავართ?! საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამაც რუსეთთან დაპირისპირებით გამოიჩინა თავი და ეგონა, რომ ამით ამერიკასა და ევროპას აღაფრთოვანებდა, მაგრამ კრიტიკული მომენტი როდესაც დადგა, ამერიკამაც ზურგი აქცია და ევროპამაც. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მეთაურს, ნოე ჟორდანიასაც ანალოგიური ხვედრი ერგო. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს დიდ წინაპრებს ლანძღვა-გინებით არ მიუღწევიათ საწადელი საქმეებისთვის.
სხვათა შორის, არც მარტო ხმლის ქნევით უკეთებიათ საკეთებელი. ის ისტორიული სასწაული, რომ საქართველო ფიზიკურად გადარჩა და არ წაიშალა, მათ დიდ სიბრნესა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარზე მეტყველებს. მათ შეძლეს და დღემდე მოგვიტანეს ის საქართველო, რომელიც ასე გვიყვარს და რომლითაც ასე ვამაყობთ. გავკადნიერდები და ვიტყვი: დიდ პიროვნებებს, რომლებმაც ისტორიულ ეტაპებზე ჩვენი ქვეყნის ბედი განსაზღვრეს და მისი სახელი შორს გაიტანეს, ვერ ვაფასებთ ან არ ვაფასებთ. შესაბამისად, ვერც მათ სახელებს ვიყენებთ და ვერც – მათ მიერ გაკეთებულ საქმეს. ტყუილად არ ამბობდა კონსტანტინე გამსახურდია, დიდი ადამიანი თუ გამოგვერია, დაუნდობლად დავკორტნითო. ჩვენი საზოგადო სენია წარმატებულ ადამიანებთან ბრძოლა. ილია ჭავჭავაძეს სიცოცხლეში “მევახშე” ვუძახეთ, ბოლოს კი სასიკვდილოდ გავიმეტეთ. დღესაც ამას ვიმეორებთ.
დღესაც, ალბათ, გვყავს ადამიანები, რომლებსაც ბრძოლას თუ არ გამოვუცხადებთ, სახალხო საქმეების კეთებისა და წარმატებების მიღწევის პოტენციალი აქვთ. დღეს მაინც ნუ დავუპირისპირდებით პიროვნებებს, რომლებსაც საქვეყნო აგურზე თავიანთი წილი აგურის დადება შეუძლიათ. ჩვენ პატარა ერი ვართ და ჭკვიანი, ბრძენი, წარმატებული ადამიანები ჰაერივით გვჭირდება. ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთანაც ისე უნდა მოვაგვაროთ, როგორც თითოეული ჩვენგანი ჩვენს პირად მეზობლებთან ვაგვარებთ. პრინციპი ერთია, კეთილი განწყობა, პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს რომელიმე სახელმწიფო, არა, სიყვარული საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოსი გვმართებს, მაგრამ სხვის მიმართ პატივისცემის გამოხატვა უნდა შეგვეძლოს, თუ არ გვინდა, რომ მარტო დავრჩეთ. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, კარგი ურთიერთობა გვქონდეს თურქეთთანაც, სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც და, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც, რომელთან ექვსას კილომეტრზე გადაჭიმული სახმელეთო საზღვარი გვაქვს. გარე სამყაროსთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩვენ ისტორიულად ხელგვეწიფებოდა. ამ თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში ბადალი არ გვყავდა, მაგრამ ეს უნარი როდესაც დავკარგეთ, ის ტერიტორიებიც დაიკარგა, დღეს რომ ასე მივტირით. ვერავინ დამაჯერებს, რომ რუს ხალხს ამიერკავკასიაში ქართველებზე მეტად რომელიმე სხვა ხალხი უყვარდეს – ან აფხაზი, ან ოსი ან სხვა ვინმე. ქართველებს დიდი როლი აქვთ ნათამაშები რუსეთის ისტორიასა და მისი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. ეს მათ არ დავიწყებიათ და ამის გამო მათაც სტკივათ ქართველებთან ჩატეხილი ხიდი.
ვფიქრობ, ჩემი ასახსნელი არ არის, თუ რა როლს თამაშობს დღეს რუსეთი მსოფლიო პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაშიც. აუცილებელია რუსეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა და იმ კეთილმეზობლური ურთიერთობის მიღწევა, რომელიც ისტორიულად გვქონდა.

მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის მიღწევის შემდეგ, დიდი რუდუნებით უნდა დავიწყოთ იმ იარების მოშუშება, რომელსაც ყოველი ჩვენგანი გულით დავატარებთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით წარმატებულ ქვეყნად, რომელიც საფეხბურთო მატჩებსაც მოიგებს და, სადაც საჭიროდ ჩათვლის, გამარჯვების დროშასაც იქ ააფრიალებს. მე კეთილი შურით მშურს აზერბაიჯანელი ხალხისა და მათი ბრძენი ლიდერის, რომელმაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ურთიერთობები ისე ჩამოაყალიბა, როგორც სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა. ჩვენ კი, სხვისი კარნახით ცხოვრების გამო, ურთიერთობები ქვეყნის შიგნითაც გაფუჭებული გვაქვს და – ქვეყნის გარეთაც.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო და ხალხი ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები თავიანთი საზღვარგარეთელი პატრონების წინაშე ქულების ჩასაწერად გაჰყვირიან, რომ აქ აშშ-ის სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს. ისინი არად დაგიდევენ, რომ, ასეთ შემთხვევაში, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდება. ისინი არც იმას დაგიდევენ, რომ, ასეთ შემთხვევაში, პირველი დარტყმა შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაზე განხორციელდეს. ასეთი ადამიანები არა მარტო სხვის შვილებს, არამედ საკუთარ შვილებსაც, ნებსით თუ უნებლიეთ, სამიზნედ აქცევენ და საზარბაზნე ხორცად სწირავენ. არ ვიცი, რამდენად რეალური იქნება ამ მიზნის მიღწევა, მაგრამ ჩვენ ამა თუ იმ სამხედრო ბლოკის წევრობისკენ კი არ უნდა ვისწრაფვოდეთ, არამედ, როგორც პოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე პატარა სახელმწიფო, სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას ვირჩევდეთ და ისეთი წარმატებული ქვეყნების მაგალითს ვბაძავდეთ, როგორებიც არიან ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია ან, თუ გნებავთ, თურქმენეთი. რუსეთი დაბრუნდა ამიერკავკასიაში, რაც რეგიონში გეოპოლიტიკურ ვითარებას ძირფესვიანად ცვლის. ამ რეალობის გაუთვალისწინებლობა ჩვენს ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ამიტომ, ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო, ჯერ აზროვნებაში, შემდეგ კი – მოქმედებებში. ამის თქმა მსურდა”,- ამბობს გაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები