გიორგი კახიანი: მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა
„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შემაშფოთებელი განცხადება გაკეთდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს.
„იგი ზოგადად ბევრ განცხადებებს აკეთებს და იმდენად არაადექვატური და არა რელევანტური, რეალობას აცდენილი განცხადებებია ხშირ შემთხვევაში არც ღირს კომენტარების გაკეთება, მაგრამ ეს განცხადება ჩვენთვის პირადად შემაშფოთებელი იყო, იმიტომ რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს როდესაც შენ უწოდებ რუსეთის აგენტს, ეს უკვე სხვა რიტორიკის განცხადებაა. ეს ნიშნავს, რომ ის შეფასებები, რომლებიც ოდირის წარმომადგენლების, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის, სახელმწიფო დეპარტამენტის და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩების მხრიდან მოვისმინეთ, ფაქტიურად ეს შეფასებები გაუტოლა „ეფესბეს” რაღაც შეფასებებს. აქედან ასეთი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, იმიტომ რომ ის განცხადებები, რაც გააკეთა მისიის ხელმძღვანელმა ერთი ერთში ემთხვევა იმ განცხადებებს, რაც საერთაშორისო ინსტიტუციებმა გააკეთეს. ეს ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს და ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოყვა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში.
საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი „რუსეთის აგენტად” და „რუსეთის კმაყოფაზე მყოფად” მოიხსენია.