ზურაბ ბრაგვაძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული კვალის წაშლას ცდილობენ
ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ზურაბ ბრაგვაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული კვალის წაშლას ცდილობენ და ქართულ სოფლებსა და ძეგლებს სახელებს უცვლიან. ისტორიკოსს ამის მაგალითად აჩაბეთი მოჰყავს, რომელსაც „აჩაბეტ“-ს უწოდებენ, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ისეთ შემთხვევაა, როცა ყველაფერი მარტივად გასაგებია, მაგრამ არსებობს უფრო საფუძვლიანად შეცვლილი სახელები, მაგალითად, „კელოუ“, რომელის ყელის ტბას უწოდეს.
„აქ ქართულ ტოპონიმებს მიზანმიმართულად აქრობენ. მათი იდეოლოგია ასეთია: ეს არის ქართული ძეგლები, თუმცა ეს მიწა უძველესი დროიდანვე ოსების მიწა იყო. შუა საუკუნეებში ქართველები მოვიდნენ, დაგვიპყრეს და ეს ძეგლები დაგვიტოვეს. დღეს დადგა დრო და გავთავისუფლდითო… ისტორიის მსგავსი დამახინჯება მე არ გამიგია. ეს მსოფლიო მოვლენაა, რადგან ასეთ ფალსიფიკაციას მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ აქვს.
ამას წინათ ერთი ამბავი ატეხეს და იკორთის ასომთავრული წარწერები ალანური დამწერლობის უძველეს ნიმუშებად გაასაღეს. ოფიციალურად ამბობენ, რომ აჩაბეთის კოშკი ალანური კოშკია, რომელსაც, სინამდვილეში, ალანურ სამყაროსთან არავითარი საერთო არ აქვს. ახალი სახელმძღვანელოები იქმნება და ისტორიის გადაწერა ხდება. ძალიან ცნობილი ოსი არქეოლოგი იყო ბაგრატ ტეხოვი, რომელმაც გამოსცა წიგნი – „სამხრეთ ოსეთის არქეოლოგია“, რომელშიც წერს, რომ იქ თურმე არაფერია ქართული და ყველა არქეოლოგიური ძეგლი ალანურ-სკვითურ-სარმატურ-ოსურია. იმას ვერ უარყოფენ, რომ ცხინვალი ქართველი მეფის, საურმაგის დაარსებულია, მაგრამ ამბობენ, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საურმაგმა ჩვენი ტერიტორიები დაიპყრო: ააშენეს ქართული ქალაქები, ქართული ძეგლები და ეს ოკუპაცია 2008 წლამდე გრძელდებოდაო.
ბანკის ყოფილი შენობა გაარემონტეს და მუზეუმს გადასცეს. ქართველი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები ისე აქვთ გამოფენილი, როგორც ოსური და ალანური კულტურის ძეგლები. ეს ყველაფერი გაუთავებელი ფალსიფიკაციაა, რადგან თვითონ „სამხრეთ ოსეთია“ ფალსიფიცირებული ტერმინი.“ – აღნიშნავს არქეოლოგი.
ზურაბ ბრაგვაძე იმ ისტორიასაც იხსენებს, რომელიც ახალგორის სახელის შეცვლასა და მისთვის ძველი სახელის, ლენინგორის დაბრუნებას უკავშირდება. როგორც მას ამ საკითხზე მომუშავე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მოუყვა, ეს სურვილი ერთ-ერთ იქაურ ქალბატონს ჰქონდა, რომელსაც კომისიამ უარი ვერ უთხრა.
„თავად იმ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მომიყვა, ერთი ქალი გამოვიდა და თქვა, მთელმა ჩემმა ბავშვობამ ლენინგორში გაიარა, მანდ დავიბადე და გავიზარდე, ლენინი ჩემი პოლიტიკური იდეალია და ჩემი ხათრით, ამ ქალაქს ლენინგორი დაარქვითო. იმხელა დამსახურების ქალია, უარი ვერ ვუთხარით და დავარქვითო, მაგრამ ახლა გარდაიცვალა და კომისია ისევ შეიკრიბება და სახელის გადარქმევაზე ვიმსჯელებთ, ოღონდ ახალგორს ვერ დავარქმევთო. აი, ასე წყდება იქ საკითხები.“ – აცხადებს ზურაბ ბრაგვაძე.