თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიის დეპუტატებს: ფაქტებით გელაპარაკებით, აქ მიტინგი არ არის – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში, აქ არავინ არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ და არც ერთ ნარატივს არ გაგატარებინებთ

,,ჩვენ ფაქტებით გელაპარაკებით, აქ მიტინგი არ არის – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ პოლიტიკაში. აქ არავინ არც ერთ სიტყვას არ შეგარჩენთ და არც ერთ ნარატივს არ გაგატარებინებთ, ეს გამორიცხულია”,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს.

შარმანაშვილის თქმით, მათ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმეს ტყუილს უწოდებენ, ამის დასაბუთება მოუწევთ და „პარლამენტში მიტინგზე ნასწავლ პოლიტიკას ვერ გაატარებენ“.

„რაც დაგისახელათ ლევან მაჭავარიანმა, რა ქაღალდებიც აგიფრიალათ და გაჩვენათ, უნდა თქვათ, რომ იქ ჩვენი ხელმოწერა არ იყოო, ეს არის ტყუილიო, მაშინ ჩაგეთვლებათ, რომ ჩვენ ვთქვით ტყუილი და არა მიტინგებზე ნასწავლი პოლიტიკით. აქ ასე აღარ გამოვა! აქ საკმაოდ სერიოზული ურთიერთობები იქნება და ამ სერიოზულ ურთიერთობებს სჭირდება სერიოზული მოპყრობა და ყველა სიტყვას აწონა. ჩვენ როდესაც რაღაცაში ბრალს დაგდებთ, დოკუმენტს მოვიტანთ და თუ არ მოვიტანთ, ბოდიშს მოვიხდით. არავითარი ნარატივებით ლაპარაკი თქვენ არ გაგივათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს შალვა კერესელიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ „პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებს ამოფარებული და ვინმე თავდაცვის მინისტრად წოდებული ჯუანშერ ბურჭულაძე, ერთად ძარცვავდნენ და პარსავდნენ სამხედრო ბიუჯეტს“. შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრს ედავებიან არა სახელმწიფო ქონების დატაცებას როგორც ამას ოპონენტები ამბობენ, არამედ ბიზნესის წარმოებას, როდესაც მას ამის უფლება არ ჰქონდა.

„რაც შეეხება ღარიბაშვილის ამბავს – გეტყვით ტყუილი რა არის, ის არც სახელმწიფო ქონების დატაცებაზეა ბრალდებული და არც ასეთი ტიპის დანაშაულზე. მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, რაზეც ის პასუხს აგებს, მაგრამ როდესაც შენ ასახელებ ამას, უნდა თქვა სწორად რაში ედება მას ბრალი. მეორე, თითქოს ეს ადამიანი მხოლოდ ჩვენ აღმოვაჩინეთ – იქნებ მე მეხსიერება მღალატობს, მაინც ასაკი მაქვს, მინისტრი იყო თუ არა ის თავდაცვის, თუ არ იყო ? მე მგონი იყო. არ შეარჩია მან [გახარიამ] თავდაცვის მინისტრი?! თვითონ არ დააკომპლექტა მან [გახარიამ] მინისტრთა კაბინეტი? ღარიბაშვილი მის კაბინეტში არ იყო თავდაცვის მინისტრი ? ხომ არ მეშლება ? იყო! აბა რა გინდათ, გამაგებინეთ?! ის ადამიანი პასუხს აგებს იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა და ეს დანაშაული არის შემდეგი რომ მან, როდესაც მას უფლებამოსილება არ ჰქონდა, აწარმოვა ბიზნესი. იგივე შემიძლია ჩავიდინო მე და თქვენც, ჩვენც გვეკრძალება ამის გაკეთება, რომ ვმართოთ ჩვენი ბიზნესი, მოვიპოვოთ იქიდან შემოსავალი, რომელიც იქნება უკანონო, ამაში ედება მას ბრალი და არა დატაცებაში და სახელმწიფო ბიუჯეტის განიავებაში. რაშიც ედება ბრალი, იმაზე აგებს პასუხს. და რა, ეს ჩვენმა სახელმწიფომ არ გამოავლინა და ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდა ამის გამოვლენა? თუ სხვამ გამოგვივლინა? ეს მტკიცებულებები ოფიციალურად მოპოვებულ იქნა ჩვენი ხელისუფლების მიერ! იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის მომგებიანი ამის ხმამაღლა ლაპარაკი ?! არ იყო! გავაკეთეთ მაინც ?! გავაკეთეთ! იმიტომ, რომ ასე იქნება ამის მერე და ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ ნებისმიერ სიტყვას, რომელზეც თქვენ იტყვით, რომ ტყუილია, უნდა ადგეთ და დაასაბუთოთ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები