“საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების დიდი გულშემატკივარი და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები რეგიონული განვითარების კუთხით ახალი ეტაპის დაწყების კარგი შესაძლებლობაა” – პაპუაშვილი

“სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანსა და კომიტეტის წევრებს შევხვდი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ვიზიტების დადებითი დინამიკა განიხილეს.

“ხაზი გავუსვით სექტორულ კომიტეტებს შორის ხშირ გაცვლებს.

აღვნიშნე თბილისის აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობის მნიშვნელობა, აგრეთვე, ეროვნული კრების პრეზიდენტ ალენ სიმონიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

სისაკ გაბრიელიანმა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება მომილოცა. მან, ასევე, მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ სომხეთისადმი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის.

ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. აღვნიშნეთ, რომ რეგიონული მშვიდობა რეგიონის სამივე ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. განვაცხადე, რომ საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების დიდი გულშემატკივარი და უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები რეგიონული განვითარების კუთხით ახალი ეტაპის დაწყების კარგი შესაძლებლობაა”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები