დავით სონღულაშვილი გურიაში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიოს ბაზრებზე გამორჩეული თვისებების მქონე თაფლის მიმწოდებელი იყოს. შესაბამისად, არაერთი სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, რომელიც თაფლის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თაფლის სხვადასხვა პარამეტრზე კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგია. ქართველი მეწარმეები, სახელმწიფოს ხელშეწყობით მონაწილეობას იღებენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ ყველაზე პრესტიჟულ აგროგამოფენებში, რაც ხელს უწყობს ქართული თაფლის პოპულარიზაციას. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გაძლიერებით, სახელმწიფოში შექმნილია ყველა პირობა, რომ გაიზარდოს ქართული თაფლის წარმოება.
დავით სონღულაშვილი სოფელ აკეთში ფერმერ თამაზ ღლონტის საფუტკრე მეურნეობაშიც იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.
ფერმერი თამაზ ღლონტი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია, საფუტკრე მეურნეობისა და თაფლის გადამმუშავებელი მცირე საწარმოს მოწყობის მიზნით, არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“.
ფერმერმა მინისტრს საკუთარი გამოგონება – თერმო სკა წარუდგინა, რომლის დამზადების ტექნოლოგია დაცულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტი“ მიერ.
საქართველოს მასშტაბით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან თაფლის წარმოების განვითარების მიზნით გაცემულია 70 მლნ ლარზე მეტი აგროსესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 17 მლნ ლარს აჭარბებს. მათ შორის გურიის რეგიონში გაცემულია 1,7 მლნ ლარზე მეტი ღირებულების აგროსესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება დაახლოებით 400,000 ლარზე მეტია.
მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.