შალვა პაპუაშვილი – მისასალმებელია, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წევრები შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას
„მისასალმებელია, რომ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში და შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2016 წელს იყო მცდელობა, არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს, მოუწია ყველას ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შესრულება.
„დღეს პარლამენტის წევრები, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები იმყოფებიან პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტს მრავალჯერ აქვს გავლილი. 2016 წელს იყო მცდელობა, არჩევნების შედეგების არაღიარებისა, თუმცა ბოლოს, მოუწია ყველას არჩევნების, ხალხის ნების აღიარება და პარლამენტში საქმიანობის შესრულება. 2020 წელს ვნახეთ მცდელობა, რომ არ ეღიარებინათ არჩევნების შედეგები. ერთი წელი დასჭირდა ზოგიერთს, ზოგს ნახევარი წელი, რათა გაეაზრებინა, რომ ხალხის ნებას ვერ გაექცეოდა და ბოლოს შეუდგნენ სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. 2024 წელსაც ჩვენ ვიხილეთ იგივე მცდელობა, რეალობისთვის და ხალხის ნებისთვის თვალის არიდებისა.
მისასალმებელია, მართალია, დაგვიანებით, ერთ წლის თავზე, თუმცა ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, პარტიამ აღიარა ხალხის ნება, აღიარა დემოკრატია და შეუდგა სადეპუტატო უფლებამოსილების შესრულებას. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პარტიამ უკან დასახევი ხიდები დაიწვა და შეიძლება, დღეს ძალიან უნდოდეთ პარლამენტში ყოფნა, თუმცა ამის შესაძლებლობა თავად მოუსპეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ მათი ხმა გაჟღერდეს პარლამენტში.
მივესალმები ჩვენს კოლეგებს, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას. თქვენთან დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია დეპუტატის ფიცი, რომლის დადებაც ერთი წლით დაგაგვიანდათ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ამიტომ, გთხოვთ, ფიცს მოაწეროთ ხელი და შემდეგ გადასცეთ საორგანიზაციო დეპარტამენტს, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტს, რათა შენახული იყოს თქვენი სადეპუტატო ფიცი პარლამენტში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.