ე.წ. სამხრეთ ოსეთში კულტურულ მემკვიდრეობაზე არ ზრუნავენ, ამ საქმით ფულს ათეთრებენ – არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე
ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ზურაბ ბრაგვაძის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით, სავალალო მდგომარეობაა. ადგილობრივი ხელისუფლება არ ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ამ საქმით ფულის გათეთრებას ცდილობს. ისტორიკოსის განმარტებით, ტაძრების გამაგრებით სამუშაოებს არაკომპეტენტური ადამიანები მეცნიერული ანალიზის გარეშე აწარმოებენ.
„ე.წ. სამხრეთ ოსეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ზუსტი რაოდენობა დღეს ცნობილი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ იქ დაფიქსირებულია კულტურული მემკვიდრეობის როგორც არქიტექტურული, ასევე არქეოლოგიური 500-დე ძეგლი, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. თუ რატომ არ არის ყველა ძეგლი დაფიქსირებული, ამაზე პასუხი ძალიან მარტივია – იქაური ხელისუფლება კულტურულ მემკვიდრეობაზე საერთოდ არ ზრუნავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ საქმეზე დახარჯული ფულში წყალში გადაყრილია. მათ დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს ერთი ფაქტიც – ძეგლთა დაცვის სამსახურს, რომლის მოვალეობაც აქეთ-იქით სიარული და ძეგლების მონიტორინგია, ხელისუფლება ავტომანქანას არ აძლევს.
4 ძეგლი შეიტანეს საინვესტიციო ძეგლების სიაში. გაუგებარია, კულტურულ ძეგლებთან მიმართებით, რა ინვესტიციები უნდა განხორციელდეს. ტენდერები გამოაცხადეს, რომლებშიც ჩვეულებრივმა სამშენებლო ბრიგადებმა გაიმარჯვეს. იქ არ არსებობს სამშენებლო კომპანიები, სამშენებლო ბრიგადები კი, ტაძრების გამაგრებით სამუშაოებს ისევე უყურებენ, როგორც სარაიას მშენებლობას. ასეთ ძეგლებზე მუშაობა ყოველგვარი ისტორიული კონტექსტისა და წინასწარი შესწავლის გარეშე დაიწყეს და ბეტონით გაამაგრეს. რაც ყველაზე საინტერესოა, ის ე.წ. საინვესტიციო პროგრამები ძეგლთა დაცვის სამსახურთან შეუთანხმებლად დაიწყო. იქაურ ხელმძღვანელობას მოუნდა, ამ საქმითაც ფული გაეთეთრებინა.
2008 წლის შემდეგ რუსეთმა ძალიან ბევრი ფული „გაუშვა“ ცხინვალის მიმართულებით, ზოგადად, ამ ტერიტორიის ე.წ. რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ ეს ფული ადრესატებამდე არ მიდის. ამ ფულს უკან მიჰყვებიან რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან ხალხს, თუ გინდათ ეს ფული გამოიყენოთ, ჩვენც რაღაცა წილი უნდა მივიღოთო. ამ შემთხვევაშიც ეს მოხდა. თითქმის, ყველა ძეგლზე სავალალო მდგომარეობაა. ძეგლების დიდი ნაწილი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა, გარკვეული ნაწილი კი, სანახევროდ დაინგრა. მთლიანად განადგურდა ისეთი სოფლები, როგორიც, მაგალითად, თამარაშენია. ბუნებრივია, რომ ეს ბარბაროსობა კულტურულ მემკვიდრეობასაც შეეხო. მთლიანად განადგურდა ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმიც.
აქვთ ფული, განა არ აქვთ, მაგრამ ინტერესი არ არის. მათი ერთადერთი ინტერესი ფულის გათეთრებაა.“ – აღნიშნავს ზურაბ ბრაგვაძე.