მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საპილოტე პროექტში მონაწილე სკოლებმა ანგარიში წარადგინეს
თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და ზუგდიდის 11 საპილოტე სკოლის დირექტორებმა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ონლაინკონფერენციას მინისტრის მოადგილე – ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი – გელა გელაძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბულინგის პრევენციისა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის განხორციელება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საპილოტე სკოლებში 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულებისა და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში ინტეგრაციის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.
პროექტის ფარგლებში, განხოციელდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: გადამზადდნენ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები.
პროექტის განხორციელების პროცესში მანდატურის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, ევროკავშირის პროექტთან „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU ACT)“, ფონდთან – „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან.