მამუკა მდინარაძე: ომბუდსმენის განცხადება სუბიექტურია
“სუბიექტური განცხადებაა”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კადრებში ჩანს, როგორ ანგრევდნენ აქციის მონაწილეები ჯებირს, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე განცხადებები სუბიექტურია.
„ვინც არ უნდა იყოს, რომელი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს, რომელიც ნახავს კადრს, არა მხოლოდ საქართველოში, არა მარტო დღევანდელ სიტუაციაში, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ცდილობენ, სადღაც შეჭრას, ანგრევენ ღობეს თუ ჯებირს, ქვას ესვრიან პოლიციელს და შემდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას ვინმე დაარქმევს არაპროპორციულად ძალის გამოყენებას, ეს განცხადება არის სუბიექტური“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ცესკო-სთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ, ცესკო-ს შენობასთან შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ხალხმა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის გარღვევა სცადა.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!”.