გრიგოლ ვაშაძე: იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი – არ დანებდეთ, ეს ხალხი ვინც დღეს აქ შეიკრიბა, დაიცავს ხმებს, რომლებიც უსინდისოდ მოიპარეს
“ვერცერთი პარტია, ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს თუ არ დადექით მტკიცედ, ამიტომ მაქვს თხოვნა – არ დაიღალოთ, არ დანებდეთ”,- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მისივე თქმით, პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს.
“ეს ხალხი ვინც დღეს აქ შეიკრიბა, დაიცავს ხმებს, რომლებიც უსინდისოდ მოიპარეს. “ქართული ოცნება” პატრიოტიზმზე გველაპარაკება. არ ხართ თქვენ ბატონებო პატრიოტები. პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში შედის და უკვე მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. ვისაც სჯერა, რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის.
იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი. სასამართლო, კანონი, სამართალი მოქალაქეების ნების პატივისცემა – აი რა გვჭირდება. ბატონო ხელისუფლებავ, შეხედეთ ამ ხალხს, ყველას აქვს პირბადე, შეძლებისდაგვარად ყველა იცავს იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბო?! ვერცერთი პარტია, ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს შეძლებს თუ არ დადექით მტკიცედ, ამიტომ მაქვს თხოვნა – არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე იმიტომ, რომ სახლში მისასვლელები ვართ, შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალებში და ვუთხრათ, ან ისეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 1988-1989 წლებში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით“, – განაცხადა ვაშაძემ.