მამუკა სალუქვაძე: საჯაროდ და ხმამაღლა უნდა ითქვას არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემების შესახებ, მათი სავარაუდო გამომწვევი მიზეზებისა და მათი გამოსწორების შესაძლებლობასთან დაკავშირებით

“თავად ცესკო-ს რეპუტაციაზე იმოქმედებდა დადებითად, თუ მოხდებოდა იმის დამტკიცება, რომ არანაირ ტრაგიკულ და დანაშაულებრივ ქმედებებს არ ჰქონია ადგილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომზადების, ჩატარებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების პროცესში”, – ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველა ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, ღია, მართალი და დანარჩენს ამომრჩევლები განსაზღვრავენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ ცესკო ახლა ყველაზე უფრო აქტიურ და სანდო სტრუქტურას უნდა წარმოადგენდეს, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ეკისრება მას შემდგომ, რაც ორ მილიონამდე ამომრჩეველმა პირნათლად მოვიხადეთ ჩვენი წილი სამოქალაქო ვალდებულება.

ჩემი აზრით, ამ უწყების წამომადგენლებმა მკაფიოდ და ნათლად უნდა განუმარტონ მოსახლეობას, რას წარმოადგენს საუბნო საარჩევნო კომისია, ვინ არიან მისი წევრები (რომელი პარტიების წარმომადგენლები) და ვინ ესწრება, როგორც წესი, ხმების დათვლისა და ოქმების შევსების პროცედურას (დამკვირვებლები, მაჟორიტარების წარმომადგენლები და სხვ.). დეტალური ინფორმაციები უნდა იქნას მოწოდებული საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიების ფუნქციებთან დაკავშირებით. ყოველდღიურად უნდა ისმოდეს ცესკო-ს მხრიდან განმარტებები, თუ რა სახის დარღვევებთან, გადაცდომებთან, შეცდომებსა და ხარვეზებთან გვაქვს საქმე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში.  საჯაროდ და ხმამაღლა უნდა ითქვას არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემების შესახებ, მათი სავარაუდო გამომწვევი მიზეზებისა და მათი გამოსწორების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. უნდა გვანახონ რიცხვებში, მაგალითად, არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავება წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ბათილად ცნობილი ოქმებისა და ამ არჩევნების დროს გაბათილებული ოქმების რაოდენობას შორის, სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიაში შემოსული საჩივრების რაოდენობებს შორის და ა.შ. საზოგადოებას ყოველდღიურად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ხმების გადათვლისა და  საჩივრებზე რეაგირების შედეგების შესახებ.

მიმაჩნია, ეს ყველაფერი ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს, რაც, ერთი მხრივ, მოარულ ჭორებსა და ამ თემაზე უამრავ სპეკულაციას დაასრულებდა და, მეორე მხრივ, თავად ცესკო-ს რეპუტაციაზე იმოქმედებდა დადებითად, თუ მოხდებოდა იმის დამტკიცება, რომ არანაირ ტრაგიკულ და დანაშაულებრივ ქმედებებს არ ჰქონია ადგილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მომზადების, ჩატარებისა და საბოლოო შედეგების გამოცხადების პროცესში. და რაც მთავარია, ყველა ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო, ღია, მართალი, დანარჩენს ჩვენ, ამომრჩევლები განვსაზღვრავთ და გადავწყვეტთ როგორ ვიმოქმედოთ და ვისთან ერთად”, – წერს მამუკა სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები