გიორგი ცუცქირიძე: უკრაინაში გაზზე ტარიფების ზრდა, პანდემიის პირობებში, თან ყველაზე ცივ პერიოდში, მიუთითებს ეკონომიკაში არსებული პრობლემების მთელ სიმწვავესა და იმ რეფორმების კრახზე, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს
უკრაინაში გაზზე ტარიფების ზრდა, პანდემიის პირობებში, თან ყველაზე ცივ პერიოდში, მიუთითებს ეკონომიკაში არსებული პრობლემების მთელ სიმწვავესა და იმ რეფორმების კრახზე, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს”, – ამის შესახებ ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტი უკრაინაში მოსახლეობისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფის 35-პროცენტით გაზრდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„როდესაც კორონავირუსის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ აბონენტს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, მეორე ეტაპზეც მომავალი 4 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება გადასახადები, რაც ასევე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც, უკრაინაში პირიქით გაზზე ტარიფები აწიეს მთელი 35 %-ით. უკრაინაში გაზზე ტარიფების ზრდა, კორონა პანდემიის პირობებში, თან ყველაზე ცივ პერიოდში, ზამთრის დასაწყისში, მიუთითებს ამ ქვეყნის ეკონომიკაში და, პირველ ყოვლისა, ფისკალურ სფეროში არსებული პრობლემების მთელ სიმწვავეზე და იმ რეფორმების კრახზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ზელენსკის პარტიის კრახიც ადგილობრივ არჩევნებში ამის ნათელი დადასტურებაა,“ – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.
ექსპერტის განცხადებით, უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ოცნების ხელისუფლების მიდგომებს სოციალური პოლიტიკის მიმართ, შესაძლებელი გახადა ფისკალურ სფეროში ჩატარებულმა რეფორმებმა, რაც ბიუჯეტს საშუალებას აძლევს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან ერთად, მოსახლეობის მხარდასაჭერი სოციალური პროგრამებიც აქტიურად დააფინანსოს. კერძოდ, პირველი ეტაპის მსგავსად, კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადასახადი 1,2 მლნ ოჯახს, ბუნებრივი აირის კი 671,000 აბონენტს დაუფინანსდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზითაც უკრაინის ეკონომიკა წელს 7.2 % შემცირდება, მაშინ როდესაც საქართველო ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მზარდი იქნება 2021-2025 წლებში, უკვე სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნა 5 % და 0.7 %-მდეა შემცირებული და, ფაქტობრივად, ზრდის ტრენდზეა გასული. ახლა იდექით ქუჩაში და დაელოდეთ მიშას!“, – აღნიშნავს ექსპერტი.