“ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატული, ტრანსფარენტული, ღია და გამჭვირვალე”
ხელისუფლების, ოპოზიციის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულებაა, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატული, ტრანსფარენტული, ღია და გამჭვირვალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცვად, ასევე მთლიანად ქვეყნის მაშტაბით.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს არის ხელისუფლების, ოპოზიციის მთავრობის პოლიტიკური პარტიების, მთელი ჩვენი საზოგადოების ვალდებულება, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი, დემოკრატული, ტრანსფარენტული, ღია და გამჭვირვალე, შემდგომი პერიოდიც უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს. ნებისმიერი სახის პროვოკაცია, ან კანონდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალის მიერ იქნება ის ჩადენილი, უმკაცრესად იქნება დასჯილი შესაბამისი სამართალდამცველი სისტემის მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ შსს-ს უკვე აქვს მიღებული დავალება, როგორც საარჩევნო უბნებზე მართლწესრიგის დასაცვად, ასევე მთლიანად ქვეყნის მაშტაბით არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომაც მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბი, შსს 24-საათიან კავშირზე არიან ჩვენს სტუმრებთან დამკვირვებლებთან, რამეთუ მათ მუშაობაშიც არანაირი შეფერხება არ შეიქმნას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ არჩევნებმა უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.
„მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ყველა ერთად ხვალ უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც იქნება ეპიდემიოლოგიურად უმაღლესი სტანდარტი დაცული, რაზეც იზრუნეს ეპიდემიოლოგებმა საარჩევნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავისუფალი არჩევანი. არჩევანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს შემდგომი წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, ეკონომიკურ კრიზისსაც გავუმკლავდებით, მაგრამ არჩევნები, რომელიც ჩატარდება ხვალ, წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებულ განვითარებას. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.