მამუკა იოსელიანი: მივიდეთ ყველა და ხმა მივცეთ სიყვარულს, მეგობრობას და არა ნაცებს, არა მიშას, არა მის კლასტერს, არა უსინდისობას, არა უგვანობას

ექიმმა მამუკა იოსელიანმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს” ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს 31 ოქტომბერს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ქუთაისი არასოდეს იქნება გაყუჩებული და ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს.

„ეს მიტინგი და ეს ლუსტრაცია, რაც დღეს გაკეთდა, ჩვენი ორგანიზებულია, ქალაქელების, აქ არცერთი პარტია არ იყო. გადავწყვიტეთ, რომ ქუთაისმა თავისი სათქმელი უნდა თქვას, იმიტომ, რომ ქუთაისი გაყუჩებული, ბუჩქებში მჯდომი, როგორც მიშას სურდა, არ იქნება. არ გამოუვიდა მიხეილს ახალი ადამიანის გაკეთება, არ გამოუვიდა დარებოტებული, ჩაციკლული ახალი ქართველის შექმნა, არავის დაავიწყდეს დღეს რა ქალაქში ვართ ჩვენ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქალაქია, ვინც კაცს კაცობის გულისთვის ძეგლი დაუდგა და ეს ქუთაისია, აქ ისევ ჩვეულებრივად სცემენ პატივს სინდის-ნამუსს, აქ ისევ აქცევენ ყურადღებას ოჯახისშვილობას, აქ ისევ ფიქრობს ადამიანი, რომელიც სახლიდან გამოდის დილით, ეკადრება თუ არ ეკადრება, გაუგებენ თუ ვერ გაუგებენ, შეიძლება თუ არ შეიძლება, ასეთ მოფიქრალ ადამიანს, ასეთ ქუთაისელებს ვუყურებ ახლა მე თქვენი სახით, დიდი მადლობა თქვენ ამისათვის, ქუთაისი სხვანაირი არ იქნება, არც შეიძლება რომ იყოს.

ქედს ვიხრი ჩვენი სტუმრების წინაშე, ქედს ვიხრი მგლოვიარე დედების წინაშე, არავის არ უხარია ქალაქიდან ქალაქში სიარული, მაგრამ კიდევ ერთხელ სჭირდება ხალხს შეხსენება, ისე გადაუბრუნა ზოგიერთს ტვინი „ნაციონალურმა მოძრაობამ” – ვგულისხმობ შალიკოს მრგვალ მაგიდასთან შეკრებილ ყველა პარტიას, იმ ერთკაციან ვითომ პარტიებს, რომლებსაც არაფერი არ აინტერესებთ თავიანთი ჯიბის სიმსუქნის გარდა. ჩვენ ქუთაისელებს ერთხელ შეგვეშალა, ძალიან შეგვეშალა, ჩავიხუტეთ კაცი, წარმოშობით ქუთაისელი, რომელიც მერე მიშას შეუძვრა ერთ ადგილას. ბოდიში მინდა, მოვიხადო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, იმიტომ, რომ ჩვენ მაგ კაცის გვერდით ვიდექით, მაგრამ ქუთაისს აღარ შეეშლება, არ შეიძლება რომ შეეშალოს. ძალიან გთხოვთ, ჩემო ქუთათურებო, მივიდეთ ყველა შაბათს დარაზმულები და პატივი ვცეთ ჩვენ საკუთარ თავს, ჩვენ სინდის-ნამუსს, მივიდეთ და ხმა მივცეთ სიყვარულს, მეგობრობას, ღმერთის სიყვარულს, გაჭირვებულის თანადგომას, ქალაქელობას და არა ნაცებს, არა მიშას, არა მის კლასტერს, არა უსინდისობას, არა უგვანობას”, – განაცხადა ექიმმა მამუკა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები