გიორგი გახარია: აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს, რამეთუ ეს არჩევანი განაპირობებს შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების გაჩენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი და ამიტომ, გაგრძელდება გზების, უნივერსიტეტების, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა და გახსნა.

„ფაქტია, რომ წელს, ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ჩატარება გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობას და გახსნას, ჩვენ გავაგრძელებთ საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას და გახსნას. ყველაფერს ამას გავაკეთებთ ერთად. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სერიოზული ინვესტირება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მე მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში კაპიტალურ ხარჯებად დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს. ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მათ შორის, თბილისშიც და ის, რაც დღეს თბილისში ხდება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ყველანი ვხედავთ, როგორი სიახლე, როგორი ცხოვრების კომფორტული გარემო იქმნება ყოველწლიურად თბილისში. თბილისი, ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის და არ უნდა იყოს დიდი სხვაობა ცხოვრობს ის თბილისში, ბათუში, ქუთაისში თუ სხვაგან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თანაბარი პირობები თითოეული მოქალაქისთვის, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი თავის გამოჩენა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო მიზანი სრულფასოვანი წევრობაა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასაც ვაკეთებთ ბიზნესისთვის გავაგრძელებთ – თითოეულ ადამიანს, რომელსაც ექნება სურვილი, დაიწყოს თავისის ბიზნესი, სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით ყველა იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ სხვადასხვა სამინისტროების ფარგლებში, მეტიც, ჩვენ ამ პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ, ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი ქვეყანა უნდა დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს და როგორც ვთქვით, ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის სრულფასოვანი წევრობა დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში, ჩვენს ოჯახში და ამიტომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების” ცენტრში ადამიანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის და სახელმწიფოს ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იქნება იმ ადამიანებზე, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ეს ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, პენსიონერებზე. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში ვერ შესძლო. ჩვენ ჩავდეთ კანონში პენსიის ინდექსირება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე არ მოუწევთ პენსიის ზრდის ლოდინი, რაც ნიშნავს, რომ შემდგომ საარჩევნო ციკლში პენსია გახდება 70 წლამდე ჩვენი პენსიონერებისთვის მინიმუმ 300 ლარი, ხოლო მთაში მცხოვრებთათვის 375 ლარი. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია მინიმუმ გახდება 350 ლარი, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებთათვის 440 ლარი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, თუ არ ვიზრუნეთ ჩვენს თითოეულ დევნილზე, ჩვენს მოქალაქეზე, თავისივე სამშობლოში დევნილ ადამიანებზე. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ აქ, იმასთან დაკავშრებით, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, ეს არ ნიშნავს არაფერს, საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მომავალ თაობაზე ორიენტირებული გრძელვადიანი რეფორმა.

„ყველას უნდა გვესმოდეს განათლების რეფორმის მნიშვნელობა. ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, ორიენტირებული ჩვენს მომავალ თაობაზე და ამ რეფორმის საბოლოო მიზანი გახლავთ, ის რომ ჩვენი შვილები, საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც სრულიად ახალი გამოწვევები, სრულიად ახალი ეკონომიკა, სრულიად ახალი კონკურენტული გარემო იქნება, უნდა იყვნენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ქვეყნების შვილებთან თანაბარ დონეზე და ჩვენ ამისთვის უნდა გავატაროთ ეს რეფორმა წარმატებულად”, – განაცხადა პრემიერმა.

არჩევნებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეების ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, სიღარიბესაც, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთობით. მიუხედავად დღევანდელი გამოწვევის, მიუხედავად ვირუსის, რომელიც ჩვენს ქალაქშია და გვიწევს პირბადეებით ცხოვრება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს და მივცეთ ღირსეულად, თავისუფალ გარემოში ხმა, რამეთუ, ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ სამართლიან და ღირსეულ გამარჯვებას და ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება!”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები