ამირან გამყრელიძე: თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, მისი სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.

მისივე თქმით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეები ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ ან 112-ში უნდა დარეკონ.

“გთხოვთ, ის სლოგანი, რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანოთ, რომ თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, მისი სახელი გვარი და ტელეფონის ნომერი. ეწყება თუ არა სიმპტომები, არაა აუცილებელი იყოს კოვიდი, ახლა რესპირატორული დაავადებებიც ცირკულირებს, მაგრამ მაინც, აუცილებლად დარეკოს სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, პირველ რიგში ოჯახის ექიმთან, თუ არ იცის, 112-ის საშუალებით იმოქმედოს. ოჯახის ექიმთან ურთიერთობა არის დღეს მთავარი. სწორედ ის გადაწყვეტს, გადასაყვანია ეს ადამიანი კლინიკაში, კოვიდსასტურმოში თუ ბინაზე უნდა იმკურნალოს. მოქალაქემ რომ არ დაიწყოს ძებნა ტესტი როგორ ჩაიტაროს, ამას ეტყვის ოჯახის ექიმი. ამასთან, საჭიროა სწრაფი ანტიგენის ტესტი თუ პისიარ ტესტი, ამას ეტყვის ოჯახის ექიმი. ახლა მთავარია სწრაფი იზოლაცია ადამიანის, თუ ის ვთქვათ და კოვიდ ინფიცირებულია, იმან კიდევ არ გაავრცელოს ინფექცია. ეს არის სტრატეგიის და მოქმედების მთავარი გეზი.

მოსახლეობამ ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. ეს სიმპტომებია – ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი, აუცილებელია ოჯახის ექიმთან დარეკვა და თუ არ ვიცით მისი ნომერი, მაშინ 112-ში უნდა დავრეკოთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ იზოლირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები