ეკატერინე ტიკარაძე: მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ, გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე პირადი ნომრის შეყვანით შეეძლებათ, გაიგონ, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი.
მინისტრის თქმითვე, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.
“ოჯახის ექიმს იცნობს ყველა მოქალაქე, განსაკუთებით – ის პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. ოჯახის ექიმი არა მხოლოდ საქართველოს წარმოდგენით, არამედ მსოფლიოს წარმოდგენით არის ჩვენზე მზრუნველი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არის ჩვენთან და ჩვენს ჯანმრთელობასთან ასოცირებული. აქედან გამომდინარე, ის, რომ მათ ეკრძალებათ საკუთარი ტელეფონის ნომრის გამჟღავნება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან სახელმწიფოს მხრიდან მათთვის ეს არავის აუკრძალავს, პირიქით, უფრო მეტიც, ჩვენ ვგეგმავთ, ჩვენი ბაზების მეშვეობით დავაიდენტიფიციროთ თითოეული მოქალაქე, თუ რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა დღემდე და სახელმწიფო უნაზღაურდება ამ ექიმს ამ ადამიანისთვის გასაწევ მომსახურებას. ჩვენი გეგმის ნაწილია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნობთ მათ ოჯახის ექიმებს და გავუზიარებთ, შესაბამისად, მათ საკონტაქტო ნომრებს. უმოკლეს ვადებში მათთან შეთანხმებით ჩვენ ამას გავასაჯაროებთ, სავარაუდოდ, საიტზეც დაიდება და ყველა მოქალაქეს შეეძლება, საკუთარი პირადი ნომრით დააიდენტიფიციროს, თუ ვინ არის ოჯახის ექიმი”, – განაცხადა ტიკარაძემ.