ლევან დავითაშვილი: გეგმა გულისხმობს 63 მლნ ლარის ინვესტიციას, რომელიც 2021-2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ რუსთავში ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა შეიქმნას

შემუშავდა გეგმა, რომელიც გულისხმობს, დაახლოებით, 63 მილიონი ლარის ინვესტიციას სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ქალაქში შეიქმნას შესაბამისად ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპლექსური იყო სამუშაო პროცესი, რომელიც 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. ასევე, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, საცხოვრებელი პირობები მძიმდება.

ამიტომ, კომპლექსური იყო სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში, თებერვალში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტივისტებიც მოძრაობიდან „გავიგუდე“ იყვნენ ჩართული. რუსთავის მოსახლეობასთან, ასევე, ბიზნესსექტორთან და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა გეგმა, რომელიც გულისხმობს, დაახლოებით, 63 მილიონი ლარის ინვესტიციას სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც 2021-2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ქალაქში შეიქმნას შესაბამისად ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავს როგორც ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას, ველობილიკების შექმნას ქალაქში და ბევრ სხვა მიმართულებას, რომელიც კომპლექსურად იქნება გეგმის ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს, საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები