“იოტისოდენადაც არ ეტყობოდა ნერვიულობა” – ირაკლი კვარაცხელია ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” მომხდარის დეტალებს იხსენებს
ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკში” მომხდარი ინციდენტისას თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი, “კურიერთან” მომხდარის დეტალები გაიხსენა.
კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ფიზიკურ შეურაცხყოფას არავის აყენებდა და ზომიერად აგრესიული იყო, თუმცა, მუდმივად აფრთხილებდა მძევლებს, რომ მათი გათავისუფლების ერთადერთი შანსი ფულის მიღება იყო.
“მოხდა გასროლა გარეთ. გავიხედე და დავინახე, რომ შემოვარდა შეიარაღებული ადამიანი, რომელსაც ხელში ეჭირა ხელყუმბარა. შემოსვლისთანავე მან დამცავი მოხსნა და საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. ყვიროდა, რაღაცებს ფეხი მიარტყა და დაამტვრია. შემდეგ დაინახა, რომ ვიღაც გარედან კამერით უღებდა, რომელსაც უთხრა, რომ მიატოვეო. ჯერ ანიშნა, როცა იმან მაინც გააგრძელა, ორი ტყვია მისი მიმართულებით ისროლა, თუმცა, როგორც შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ და ვკითხეთ, ხომ არ დაჭერიო, გვითხრა, ისე არ მისვრია, რომ მოხვედროდაო. არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაღაცები დაამტვრია – ეს იყო და ეს. იყო იმდენად აგრესიული, რამდენადაც მას ეს სჭირდებოდა, არც მეტი, არც – ნაკლები. შემოსვლისას იყო ძალიან აგრესიული იმისთვის, რომ ყველას შეშინებოდა და შემდეგ იყო ნორმალურ ურთიერთობაში, თუმცა, მუდმივად გვახსენებდა, იმისთვის, რომ ცოცხლები დავრჩენილიყავით, აუცილებელი იყო მისთვის ფული გადაეცათ. რისკჯგუფის ხალხი თავიდანვე გაათავისუფლა, ხანდაზმულები და ვინც უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო და ეტყობოდა, ისინიც გაუშვა.
მაღალი ალბათობით, ყოფილი ჯარისკაცი იყო ან სპეცრაზმელი – ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა და იოტისოდენადაც არ ეტყობოდა ნერვიულობა. მოლაპარაკების დროსაც მძევლის მეშვეობით ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ ეს ხალხი, ვინც მას ჰყავდა მძევლად, რომ მშვიდობიანად წასულიყვნენ სახლში, ამის ერთადერთი შანსი იყო, თუ მას ფულს გადასცემდნენ და ის გარანტიას აძლევდა, არავის არაფერი დაუშავდებოდა. მე ვნახე, მას ჩანთა როგორ გადასცეს, თუმცა, შიგნით რამდენი დოლარი იყო და იყო თუ არა საერთოდ დოლარი, არ ვიცი”, – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მოგვიანებით, ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის შენობა რადენიმე მძევალთან ერთად დატოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდნენ.
ამ დროისთვის, ყველა მძევალი თავისუფალია და თავდამსხმელის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მძევლად აყვანას გულისხმობს.