ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი

„საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო სწორედ დავით გარეჯის ირგვლივ. ეს არის ჩვენი კულტურული მემკვდრეობა, ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, დავით გარეჯის მიმართ უდიერი დამოკიდებულება უკვე წყალგამყოფია.
„როდესაც ასეთ რაიმეს უდგები უდიერად და მას ხდი მერკანტილური გარიგებების საგნად, ეს, ბუნებრივია, წყალგამყოფია. ბევრი დანაშაული გვახსოვს ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და თუ ტერიტორიების მოცულობაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, აქ მოცულობა ბევრად ნაკლებია, მაგრამ თვითონ ამ საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, ბევრად უფრო მძიმეა ეს ქმედებები, რომელიც განხორციელდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან. ერთია კონკრეტული დეტალები, რაც უკავშირდება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს და მეორეა, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო პოლიტიკური განცხადებები, რომელიც კეთდებოდა და სადაც უკვე ქვეყნის საზიანო პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდა. რა თქმა უნდა, ესეც არის წყალგამყოფი, თორემ თუ ტერიტორიების მოცულობაზე ვისაუბრებთ, ბევრად უფრო მეტი უბედურება აქვთ გაკეთებული. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები არ არსებობდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმდა. არსებობდა კონფლიქტის ზონის საზღვრები, რომელიც მოიცავდა დასახლებული ტერიტორიის, დაახლოებით, 1/3-ს, ხოლო დასახლებული ტერიტორიის, დაახლოებით, 2/3 იყო დე ფაქტო და დე იურე ჩვენი კონტროლის ქვეშ. მათ 2005 წელს ჯერ კანონი მიიღეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და მერე უკვე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოსცეს, რითაც აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ეს რუსებმა კარგად გამოიყენეს ჩვენს საზიანოდ 2008 წელს. როცა სარკოზის ჰქონდა მოლაპარაკებები, ჯერ ჩავიდა რუსეთში და შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. მან ბრიფინგზე განაცხადა, თქვენ თვითონ მოგიხაზავთ ეს საზღვრები და რა პრეტენზია გაქვთო. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის დანაშაულზეა აქ საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები