ანრი ოხანაშვილი – უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, ვისთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აღკვეთით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თუ ვისი სცენარითა და ხელწერით იგეგმებოდა ეს კრიმინალი, ამას პასუხს გამოძიება და სასამართლო გასცემს.
„ფაქტია, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და თავიდან აგვარიდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით ჩვენ, რეალურად, შევინარჩუნეთ ადამიანის სიცოცხლე და ასევე თავიდან იქნა არიდებული დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობა. ყველაფერ ამ საკითხზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს და საბოლოო ვერდიქტი უკვე სასამართლოს ეკუთვნის. წინსწრებად სამართლებრივ შეფასებებს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ თუ პოლიტიკურ კონტექსტში შევხედავთ ამ საკითხს, ეს სცენარი, ასეთი გათამაშება და შემდგომ სხვაზე გადაბრალება თუკი ვინმეს აწყობდა, ეს არის ის რადიკალური-კრიმინალური ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი ლეგიტიმური შანსი და ბერკეტები არ გააჩნია. ამიტომ, პოლიტიკურად ჩნდება ეჭვები, რომ ეს არის იმ ჯგუფის ხელწერა, ვისთანაც დაკავშირებულია ძალადობა, კრიმინალი, ბიზნესის ტერორი და სტრასბურგის სასამართლოს განცვიფრება. ამიტომ, პოლიტიკურად ჩნდება ეჭვები, რომ ის ჯგუფი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს ერთ დროს ანცვიფრებდა შეთანხმებული სტრუქტურული დანაშაულით, ლეგიტიმურად შეიძლება, ვივარაუდოთ აქაც, რომ ინტერესები და ხელწერა აქაც იკვეთება, თუმცა, საბოლოოდ მაინც გამოძიებასა და შემდგომ სასამართლოს უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.