საქართველოს პროკურატურა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღებას აცხადებს
საქართველოს პროკურატურა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღებას აცხადებს.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების მიზანია მაღალკვალიფიციური იურისტების შერჩევა შემდგომში პროკურატურაში სამუშაოდ მისაღებად.
საკვალიფიკაციო გამოცდა განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება გამოსაცდელი პირი პროკურორის/გამომძიებლის/სტაჟიორისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, საკმარისია თუ არა მისი თეორიული ცოდნა და შესწევს თუ არა მას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
“საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ოცდაერთი წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება:
• პირი, თუ მას დამთავრებული აქვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია;
• პირი, რომელსაც აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს ბაკალავრის, დიპლომირებული სპეციალისტის ან მაგისტრის უმაღლესი აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც სამართალმცოდნეობაში;
• პირი, რომელსაც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ან სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი უნდა ფლობდეს სამართლის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსაც.
პირი, რომელიც სავარაუდოდ ვერ აკმაყოფილებს უმაღლეს იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებულ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
პირი, რომელსაც უმაღლესი იურიდიული განათლება მიღებული აქვს უცხოეთში, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება განათლების აღიარების შესახებ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველმა პირმა რეგისტრაციის გასავლელად ელექტრონული ფოსტის მისამართზე – sakvaliphikatsio@pog.gov.ge უნდა გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შესახებ;
გ) რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
დ) ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია.
შენიშვნა: რეგისტრაციისას დოკუმენტაციის არასრულად ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად ეძლევა ვადა, რეგისტრაციის დასრულებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა. ხარვეზის გამოუსწორებლობისშემთხვევაში, პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას და გამოცდაზე არ იქნება დაშვებული,”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება ტესტირების ფორმით.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ერთეტაპიანია, რომელიც ტარდება ელექტრონულად ტესტურიმეთოდით, რომელიც შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 (ასი) არჩევით პასუხიან დავალებას.
შენიშვნა: გამოსაცდელს, რომელიც ტესტურ გამოცდაშიდ ააგროვებს 75 (სამოცდათხუთმეტ) ან მეტ ქულას, გამოცდა ჩაბარებულად ეთვლება.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განსაზღვრულია „საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 16 ოქტომბრის N042 ბრძანებით.
“პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება პირს არ ათავისუფლებს პროკურატურაში სტაჟირების კონკურსის გავლისაგან.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 2405570, 2405240, 2405778.
პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა
ნაწილი I. შინაარსი
1. საკონსტიტუციო სამართალი
2. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
3. სისხლის სამართალი
4. სისხლის საპროცესო სამართალი
5. ადმინისტრაციული სამართალი
6. სასჯელაღსრულებითი სამართალი
7. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.
ნაწილი II. საკონსტიტუციო სამართალი
თემა I. საქართველოს კონსტიტუცია.
ნაწილი III. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
თემა I. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
თემა II. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
თემა III. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა);
თემა IV. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია.
ნაწილი IV. სისხლის სამართალი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
ნაწილი V. სისხლის საპროცესო სამართლი
თემა I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
ნაწილი VI. ადმინისტრაციული სამართალი
თემა I. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
ნაწილი VII. სასჯელაღსრულებითი სამართალი
თემა I. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;
თემა II. საქართველოს პატიმრობის კოდექსი.
ნაწილი VIII. ოპერატიულ- სამძებრო საქმიანობის საფუძვლები
თემა I. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“,”- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.