გოგა ხაინდრავა – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ვირუსი, იქ ჩაატარეს მრავალათასიანი შეკრება, ეს ქვეყნის მტრობაა

“ის, რაც ჩვენ ბათუმში ვნახეთ, არის საკუთარი ქვეყნის პირდაპირი მტრობა”, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს.
ხაინდრავა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა.
გოგა ხაინდრავამ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.
„რთულ ვითარებაში გვიწევს შეხვედრა, ვირუსი უტევს მსოფლიოს. სამწუხაროდ, ჩვენ მეორე ვირუსი გვაქვს ქვეყნის შიგნით, რომელიც არანაკლებ ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ეს ვირუსია „ნაციონალური მოძრაობა“. რასაც ვისმენთ და ვუყურებთ მათ მოქმედებას, არც ვიცი, რა დავარქვა, რა სიტყვა მოვიგონო იმისთვის, რომ დავახასიათო ის, რასაც ისინი უკეთებენ საკუთარ ხალხს, განსაკუთრებით – ახალგაზრდა თაობას. ის აბსოლუტური სიცრუე, რომელიც ყოველდღე ნიაღვრებად მოედინება ამ მედიასაროსკიპოებიდან. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არ არის მედია. ეს არის გამოცხადებული ბრძოლა მორალთან, მომავალთან იმიტომ, რომ ამას ყველაფერს ჩვენი შვილები უყურებენ, ესმით და ეს ხდება ყოველდღიურად, მათი ცხოვრების ნაწილადაა ქცეული. ეს არის სავალალო მდგომარეობა ჩემი აზრით, რადგან ეს მათზე დიდ გავლენას ახდენს. თუ გავითვალისწინებთ ვითარებას, რა ვითარებაშიცაა დღეს საქართველო, განსაკუთრებით იმას, რაც ხდება ყარაბაღში, ეს განსაკუთრბეული მნიშვნელობის საკითხია. უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში რეალურად სამხედრო ძალით ხდება დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უპრეცედენტო ფაქტია, ძალიან საყურადღებოა, კარგად გასაანალიზებელია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირდაპირ ჩვენს საზღვართან ხდება. რა გაგრძელება ექნება ამას, არავინ იცის იმიტომ, რომ აქტორები ამ დრამის, თუ ტრაგედიის, თუ ისტორიის, რომელიც 30 წელიწადია, გრძელდება, არიან ძალიან მძიმეწონიანი მოთამაშეები. იქ არის ჩარეული რუსეთი, თურქეთი. ორივე ჩვენი უშუალო მეზობელია, ძლიერი, ამბიციური. ბუნებრივია, ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული, რაც მთავარია, ქართული საზოგადოების მიერ. ჩვენ უნდა მივხდეთ, რომ თამაშის დრო დამთავრდა მსოფლიოში. ეს აღარ არის ის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. პირველ ყოვლისა, ამაში დაგვარწმუნა პანდემიამ, რომელიც მხოლოდ ახლა იკრებს ძალას და 50 მილიონს უახლოვდება ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში. ესეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოკიდებას ითხოვს საქმისადმი. ის, რაც ჩვენ ბათუმში ვნახეთ, არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნისა. ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია. ეს არის მტრობა, მავნებლობა. ამ მავნებლობაში დიდი ხანია, შემჩნეულია ეს სექტა. რაც მთავარია, ის უკვე არა მარტო საქართველოშია ამაში მხილებული, არამედ გაცდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახლახან ვნახეთ უკრანაში შექმნილი გადაცემა, ფილმი, რომელიც ცალსახად ასახავს იმას, რაზეც 2007 წლიდან ვლაპარაკობ. იმას, რომ მერაბიშვილი, სააკაშვილი ადეიშვილი უნდა გასამართლებულიყვნენ ღალატზე – ვამბობ, დაახლოებით, 12 წელია. მაშინაც ვამბობდი, რომ ეს ადამიანები თავიანთი მოქმედებებით, ეს იქნება ახალგორის, კოდორის, ცხინვალის, აფხაზეთისა თუ დავით გარეჯის მიმართ, არიან ამ ქვეყნის მტრები. ეს არ არის ჩემგან ახალი, მე ამას ვამტკიცებ და დავამტკიცებ ნებისმიერ სასამართლოში, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება – როგორც ახალგორის გადაცემა, ისე , კოდორის გადაცემა რუსეთისთვის. ამის შემკვეთები ვინ არიან, ვიცით. შემსრულებლები ვინ არიან, ვიცით. ვიცით ის წრე, რომელმაც ეს გააკეთა. ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ესენი მუშაობდნენ რუსეთის ინტერესების განსახორციელებლად თემურ ალასანიას თამადობით, რომელიც უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, პრაქტიკულად, მათი ხელმძღვანლობით ხდებოდა ქართული მიწების გადაცემა რუსეთისთვის, ცხინვალის რეგიონსა და ომს ვგულისხმობ, ასევე, როგორც აფხაზეთს. ეს გაგრძელდა დავით გარეჯთან დაკავშირებით.
ისინი არასდროს აღიქვამდნენ საქართველოს სამშობლოდ. ეს იყო ერთადერთი ასპარეზი პირადი კეთილდღეობისა იმ ვნებების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც დღემდე ებრძვიან და რომლითაც სულდგმულობენ. ეს არ არის არანაირი პოლიტიკა. შეტევა მიდის ყველა მიმართულებით ქართულ საზოგადოებაზე. შეტევა მიდის, განსაკუთრებით, ვირუსის თვალსაზრისით. ყველაზე მწავე რეგიონში, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ეს ვირუსი, ჩაატარეს ზუსტად მრავალათასიანი შეკრება. რა შედეგს მივიღებთ, ამას ვნახავთ უახლოეს დღეებში, კვირეებში. ესაა ვირუსი და ქართული საზოგადება ამას უნდა ებრძოლოს. 31 ოქტომბერს გვაქვს შანსი, რომ დავამთავროთ ამ ვირუსის ბოგინი საქართველოში. თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს არანაკლებ სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე , პანდემია, დამიჯერეთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები