სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იმ აეროპორტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გაცნობებთ, რომ „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გაფართოვდა იმ აეროპორტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც მოიხსნება რეგულარულ საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა და შესაძლებელი გახდება პირდაპირი ფრენების განახლება. კერძოდ, 2020 წლის 1 ნოემბრიდან, შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის: დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH); ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA); ათენი (ICAO-ს კოდი LGAV); ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM); ვენა (ICAO-ს კოდი LOWW); ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB); მილანი (ICAO-ს კოდი LIME).
შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე: კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT); ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI); დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).
ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაბამის ავიაკომპანიებთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვის გაცემის შემდეგ გახდება ცნობილი.
სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით (30.11.20). აღნიშნული ცვლილებების თაობაზე უკვე გამოიცა შესაბამისი NOTAM-ი (შეტყობინება საავიაციო საწარმოების და პერსონალის საყურადღებოდ) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა უკვე მოხსნილია პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია), ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის. რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php“, – ნათქვამია განცხადებაში.