ნეიროიმუნოლოგი: ბევრს შეიძლება, გათვიცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ჩვენ უკვე გადავუსწარით იტალიის პიკის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ყოველდღიური შემთხვევების რიცხვით

“ბევრს შეიძლება, ჯერ გათვიცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენ უკვე გადავუსწარით იტალიის პიკის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ყოველდღიური შემთხვევების რიცხვით”, – ამის შესახებ ნეიროიმუნოლოგი, დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ ტენდეციით ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის რესურსებმა გაუძლოს ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე? ჯერ მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებია და “ყველაფერი” წინ გვაქვს.

როგორც ექიმი აღნიშნავს, სიკვდილიანობით ვერ ვგრძნობთ ამას ჯერ, თუმცა, ესეც აუცილებლად მოიმატებს მომდევნო კვირებში.

“მძიმე რამდენიმე თვე გველის წინ, საკმაოდ მძიმე და ერთ პოსტს კიდევ მივუძღვნი მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ – მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც არასამედიცინო პერსონალია და უკვე აღარ იცის, ვის დაუჯეროს და რა გააკეთოს.

გაჩნდნენ ქარიზმატული “კოვიდ-შამანები”, რომლებიც ბოროტად იყენებენ ბუნების მიერ მიცემულ ნიჭს, რომ მათთვის ხელსაყრელი სისულელე ისე ლოგიკურად და დამაჯერებლად გადმოსცენ სელექციური დასაბუთებით, რომ ბევრ ჭკვიან ადამიანს დააჯერონ. სადაც ვაწყდები, ვაშთობ ამ ფსევდმეცნიერულ განცხადებებს, მაგრამ ყველას ვერ დაეწევი სოციალურ სივრცეში.

ბევრ კომპეტენტურ კოლეგას შორის (ვისაც საფუძვლიანად ესმის სიტუაცია) არის ფუნდამენტური იდეოლოგიური განხეთქილება, თუ სწორი მოქმედება რომელია: მაგალითისთვის – შვედური თავისუფლების მოდელი თუ ჩინეთის დიქტატურა (და ბევრი შუალედური). ამას ერთვება თან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები – როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე, ქვეყნის მასშტაბით.
რთულია იმის თქმა, თუ რომელია სწორი – რამდენიმე ასეული ან ათასეული ხალხი გავწიროთ ახლა მეტი ინფექციით თუ ეკონომიკა (რომელიც არაპირდაპირად თავის მხრივ მერე გარკვეული რაოდენობის ხალხსაც შეიწირავს), თუ ოქროს შუალედი – და თუ სადაა ეს ოქროს შუალედი მოცემული ქვეყნისთვის.
არ დავიწყებ ან ერთის მტკიცებას, ან მეორის, რადგან ამის მათემატიკურად გამოთვლა შეუძლებელია, რის გამოც ეს დიდ ნაწილად ხდება ინდივიდუალური მიკერძოებების, ღირებულებებისა და პრიორიტეტების კამათის საგანი.

ყურადღებას გავამახვილებ იმ ასპექტებზე, რაზეც, მეტნაკლებად, თითქმის ყველა კომპეტენტური ადამიანი თანხმდება.

1) ერთ რამ ცხადია: ჯინი (კორონა) ამოსულია გუდიდან საქართველოსთვის და მისი ჩაბრუნება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს იყო მარტსა და აპრილში. უფრო მეტიც – პრაქტიკულად შეუძლებელია არასამხედრო წესრიგის პირობებში, რადგან ადამიანი (ფუტკრებისგან განსხვავებით) ბუნებით არ არის კოლაბორაციული სახეობა ხანმოკლე დროში თუ 1) სერიოზული იდეოლოგიის ქვეშ არ არის გაერთიანებული ხანგრძლივი დროით მანამდე (კულტურა, რელიგია, ფაშიზმი), 2) ან თავისუფალი ნების აღკვეთის ხარჯზე არ ხდება ეს (კარანტინი, კომენდანტის საათი, სერიოზული ჯარიმები). ქართველებში ეს თავისუფლების (და დაუმორჩილებლობის) ინსტიქტი კიდევ უფრო მეტია საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ არჩევანს.

2) ბევრს შეიძლება ჯერ გათვიცნობიერებული არ აქვს, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ჩვენ უკვე გადავუსწარით იტალიის პიკის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ყოველდღიური შემთხვევების რიცხვით (მილიონ მოსახლეზე რა თქმა უნდა). ამან არ უნდა შეგვაშინოს, მაგრამ მინიმუმ უნდა გამოგვაფხიზლოს წარსულის წარმატების ხიბლის ბურუსიდან. სიკვდილიანობით ვერ ვგრძნობთ ამას ჯერ, თუმცა ესეც აუცილებლად მოიმატებს მომდევნო კვირებში.

3) ამ ტენდეციით ქვეყანაში არსებული ჯანდაცვის რესურსებმა გაუძლოს ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე? ჯერ მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებია და “ყველაფერი” წინ გვაქვს. ვირუსის მიერ ტემპერატურის კლებასთან ერთად აქტივობის მატება – უტყუარი ფაქტია უკვე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო – ვირუსი თითქოს ცოტა “შესუსტდა” (ამას ბევრი ახსნა აქვს და პროფესიულ დისკუსიისთვის არ ვახსენებ აქ), მაგრამ ამას პრაქტიკული მნიშვნელობა ეკარგება როდესაც შემთხვევების 10-ჯერ და 100-ჯერ ზრდა გვაქვს, ვირუსი სულ ორჯერ ან ხუთჯერ უფრო “სუსტიც” რომ იყოს – შედეგად სიკვდილიანობა მაინც მრავალჯერ გაიზრდება.
ზრდა გარდაუვალია. ჩვენი მთავარი მიზანია ეს ზრდა კონტროლირებადი იყოს.

4) ის რაც გამოცდილებამ აჩვენა – სიკვდილიანობის პროცენტი მრავალჯერ იზრდება ისეთ რეგიონებში სადაც ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთა (ესპანეთი, იტალია, ნიუ-იორკი), სადაც სხვა პაციენტებიც და ჯანდაცვის მუშაკები კორონავირუსიანი პაციენტის ამონახველით გაჯერებულ ჰაერს სუნთქავენ გადატვირთულ მიმღებებში, ვიდრე მაგალითად რომ ერთეულმა ვირუსმა შეაღწიოს უხარისხო ნიღბის გავლით და დააინფიციროს მაღაზიაში შესული პირბადიანი მყიდველი იქ მყოფი მეორე ადამიანისგან.
საერთო შემთხვევების ზრდა უშუალოდ არ არის პრობლემატური, რადგან ამ ხალხის დიდი უმეტესობა სახლში გადაიტანს ინფექციას (მოუწევთ). ამ საერთო შემთხვევებიდან იმ 2-5%-ს რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ სტაციონარში იყოს ადგილი ჟანგბადით ან/და სასუნთქი აპარატი – მათი მზარდი რაოდენობაა უმთავრესი პრობლემა და ჩვენი პასუხისმგებლობა.

5) ერთი რამე ცხადია: თუ რამეს ფუნდამენტურად არ შევცვლით – ტენდენციაც არ შეიცვლება და მე ჯერ ჯერობით ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ ვხედავ. 22:00-ს მერე რესტორნების ჩაკეტვა არის სპილოსთვის ბუმბულის ზარბაზნის სროლა. ჯერ ერთი რომ 22:00-ს მერე მოსახლეობის 99% პროცენტზე მეტი არ არის რესტორნებში და ბარებში და საერთოდ სახლშია. მეორეც – ვინც არის – ახალგაზრდობა – როგორც წესი პოპულაციის ყველაზე ჯანმრთელი ჯგუფია. მე არ ვამბობ რომ ამ ზომას არანაირი შედეგი არ ექნება, მაგრამ დიდი ალბათობით არ ექნება საკმარისი შედეგი. “სულ არაფერს ხომ ჯობია” და “რაღაცას ხომ ვაკეთებთ” ეს არაა საპატიო ახსნა.

ზოგადად ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე არ ვარ მე თუ არა უკიდურესი მდგომარეობა, და მითუმეტეს არა მანამდე სანამ უფრო ნაკლებ საზიანო მეთოდები არ იქნება ამოწურული. საბედნიეროდ არაერთმა ქვეყანამ აჩვენა რომ ხანგრძლივი შიდა ჩაკეტვის გარეშეც შეიძლება ეპიდემიის გაკონტროლება. ისე აწ უკვე გარე საზღვრების ჩაკეტვის აზრსაც ვერ ვხედავ მე.

სტრატეგიულად ალბათ ყველაზე ნაკლებ საზიანო და ეფექტური გამოსავალია “ნიღბების ტარება” არა და… ნიღბების სწორად და სისტემატურად ტარების უმკაცრესი კონტროლი. სოციალურ მედიაში ყვირილით “ნიღბები ატარეთ ხალხო” – მგონი არ გამოდის რაღაც. Homo Sapiens ბუნებით არა კოლაბორაციული სახეობაა ფართო მასშტაბებზე. ერთადერთ გამოსავალს ვხედავ რომ ცენტრალიზირებულმა სტრუქტურამ (მთავრობამ) საკმარისად მკაცრად გააკეთოს ამის კონტროლი.

თუ უკეთესი განსხვავებული იდეა გაქვთ ვისმეს რომელიც ნაცადი არაა უკვე და რეალისტურია შესრულების მხრივ – თქვით,”- წერს დავით მრელაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები