ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს არჩევნების გადადება, მით უფრო, აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” უპრობლემოდ მოიგებს ამ არჩევნებს

“როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, მაშინ ამომრჩეველს უნდა შესთავაზო ალტერნატივა. კარგი, ხელისუფლებას გაექცა კორონავირუსი, მაგრამ ოპოზიციური ძალები როგორ აპირებენ ამ პროცესის გაკონტროლებას? მე მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ მინახავს”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ძაბირაძემ ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემო და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარშემო განვითარებული მოვლენები შეაფასა.

“პანდემიურ სიტუაციას ოპოზიცია თავიდანვე ძალიან არასწორად მიუდგა და ახლაც ასე იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, საზოგადოება მშვიდად შეხვდა შექმნილ ვითარებას და როდესაც ოპოზიცია პანდემიაზე აკეთებს აქცენტს, შეცდომას უშვებს – ეს არ არის ის თემა, რაც იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ. ოპოზიციის საარჩევნო ლოზუნგებიც და ქმედებებიც ძალიან შეეფერება რევოლუციურ განწყობებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ საზოგადოებაშიც იქნებოდა რევოლუციური მუხტი. საზოგადოების დიდ ნაწილში ამგვარი დამოკიდებულება არ ჩანს, მიუხედავად ხელისუფლების დიდი შეცდომებისა. როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, მაშინ ამომრჩეველს უნდა შესთავაზო ალტერნატივა. კარგი, ხელისუფლებას გაექცა კორონავირუსი, მაგრამ ოპოზიციური ძალები როგორ აპირებენ ამ პროცესის გაკონტროლებას? მე მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ მინახავს.

პანდემიის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ოპოზიციას გამარჯვებას მოუტანს. ვფიქრობ, ოპოზიციაში იციან რეალური სურათი, აქვთ შიდა კვლევების შედეგები, შესაბამისად, გაუგებარია, რაში სჭირდებათ ეს რევოლუციური რიტორიკა? “ნაცმოძრაობის” მიერ ბათუმში გამართულ შეკრებაზე ერთი ინფიცირებულიც თუ იყო, ეს იქნება ვულკანური აფეთქება, თან იქ შეკრებილები არც მარტო ბათუმელები იყვნენ და არც მხოლოდ აჭარლები. როგორც ხდება ხოლმე, მთელ დასავლეთ საქართველოში “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერების მობილიზება მოხდა, რათა როგორმე მასშტაბური აქცია გამოსვლოდათ. თუ იქ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდა, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა გვექნება და ეს უპირველესად დარტყმა იქნება თავად “ნაციონალურ მოძრაობაზე”. იმედია, მიხვდებიან, რომ ამგვარი შეკრებები უპირველესად მათთვისვეა საზიანო. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას, ეს რთული საკითხია. მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ომს დაემსგავსა. მთავარია, ამ ბრძოლაში გამარჯვება და თუ “მსხვერპლი” იქნება, ეს დიდად არ ანაღვლებთ, მით უფრო არ ანაღვლებს სააკაშვილს.

ამგვარი შეკრებები, სააკაშვილის ჩართვებით, იმ შედეგს მოიტანს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისევ “ქართული ოცნებისკენ” წავა. რაღაც ბონუსს ამით “ნაციონალებიც” მიიღებენ, მაგრამ შედარებით მცირერეიტინგიანი პარტიები ყველაზე მეტს დაკარგავენ. სააკაშვილის მოქმედება პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის ჩამოყალიბებას უწყობს ისევ ხელს. “ნაციონალური მოძრაობა” დღეს იბრძვის არა გამარჯვებისთვის, არამედ შუა ნაწილის – მესამე, თუნდაც კომპლექსური ძალის გასაკრეფად და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად. ამ პროცესებისგან ელექტორალური დანაკლისი ექნებათ “ლელოს”, “ევროპულ საქართველოს”, “სტრატეგია აღმაშენებელს” და “პატრიოტთა ალიანსს”. ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მართლაც გადალახოს არა მარტო 40%-იანი ბარიერი, არამედ 50%-იანიც. 1%-იანი ბარიერის წყალობით ბევრი სხვა პარტიაც მოხვდება პარლამენტში, მაგრამ მმართველი ძალა მიიღებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების მნიშვნელოვან ნაწილს. საქმე ისაა, რომ ამომრჩევლის ნაწილში სააკაშვილის აქტიურობა საფრთხის განცდას აჩენს.
თუ არ იქნება პანდემიის კატასტროფული აფეთქება, ხელისუფლება შეეცდება არჩევნები ჩაატაროს. სექტემბრის დასაწყისში ოპოზიცია გაიძახოდა, ხელისუფლებას არჩევნების გადადება სურსო და ეს არასწორი მესიჯი იყო – ხელისუფლებას არც მაშინ აწყობდა და არც ახლა აწყობს არჩევნების გადადება. ვითარება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში იცვლება. პანდემიის გამო სულ უფრო ჩაკეტილი ხდება მსოფლიო, რაც დიდ პრობლემებს წარმოშობს. ძლიერი ეკონომიკის ქვეყნები ამას მეტ-ნაკლებად უძლებენ, მაგრამ ჩვენ რა დღეში ვიქნებით მომავალ თვეებში, კაცმა არ იცის. ვითარება უფრო დამძიმდება, ამიტომაც ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს არჩევნების გადადება, მით უფრო, აშკარაა, რომ “ქართული ოცნება” უპრობლემოდ მოიგებს ამ არჩევნებს. აქ მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რამდენად შეძლებს ექსკლუზიურად ძალაუფლების შენარჩუნებას. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ – თუ ოპოზიცია კვლავ ასე უპასუხისმგებლოდ მოიქცევა, ნამდვილად შეძლებს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს და ვეჭვობ ვცდებოდე, როცა ვამბობ, რომ საზოგადოებაში რევოლუციური განწყობა არ არის. ეს განწყობა ნამდვილად არის ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის ერთ ნაწილში. ისინი მუდმივად ამბობენ, რომ მოსახლეობას აღარ უნდა “ქართული ოცნება”. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ამავე მოსახლეობას უფრო მეტად არ სურს ოპოზიცია, მით უფრო მისი წამყვანი ძალა “ნაციონალური მოძრაობა”. პრობლემა სწორედ ეს არის. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ხანგრძლივ აქციებს გამართავენ არჩევნების შემდგომ, ეს, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, მით უფრო, რომ სერიოზული დარღვევები ამ წინასაარჩევნო პროცესებში არ არის, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რაც ყველა არჩევნებზე ხდებოდა. არ ვიცი, რის იმედზეა ოპოზიცია. მოსახლეობაში არ არის რევოლუციური განწყობა, დასავლეთსაც ნამდვილად არ სცალია ახლა აქ საპროტესტო პროცესის მხარდასაჭერად. ვხედავთ, ბელარუსში რა ხდება და ევროკავშირი ხელსაც არ ანძრევს და მით უფრო ჩვენს რეგიონში გართულებული ვითარების ფონზე, ვგულისხმობ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას, აქ ახალი არეულობის კერის გაჩენა დასავლეთს არ ენდომება”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “რას ფიქრობთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთის შესახებ განვითარებულ სკანდალურ მოვლენებზე?” – პასუხობს:

“ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დაკავებული ივერი მელაშვილის პოზიციამ, როდესაც მან უარი თქვა გირაოს მოთხოვნაზე და განაცხადა, ამ ბრალდებით ციხეში ვიქნები თუ გარეთ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. ნებისმიერი თემა, რაც უნდა წამოიჭრას დღეს, აუცილებლად უნდა განვიხილოთ არჩევნების კონტექსტში. არსებობს ერთი მარტივი კითხვა – ამდენი წელია საზღვრის დადგენაზე ასე თუ ისე მუშაობდნენ, რატომ არ შეიძლებოდა საქმე აღეძრათ და ეს პირები არჩევნების შემდეგ დაეკავებინათ, რა საჭირო იყო ასეთი აჩქარება? ამაზე ხელისუფლებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული პასუხი. როცა მასალა შევაგროვეთ, მაშინ დავიწყეთ პროცესიო, ეს არ არის საკმარისი არგუმენტი.

ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნება, თავის ნება-სურვილზე, იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა ხდება რეგიონში, მით უფრო, თუ საქმე ეხება მეზობლებთან ურთიერთობას, გადადგას ასეთი სერიოზული ნაბიჯები. როდესაც დროის ფაქტორი არაფერს ცვლის, ამგვარი მტკივნეული თემის ახლა წამოწევა შეცდომა იყო. შეეგროვებინათ მასალა, თუ ვინმეს მიმალვის საფრთხე იყო, ამის მოგვარების მექანიზმებიც არსებობს და შეეძლოთ გამოეყენებინათ, მაგრამ საკითხი წამოეჭრათ არჩევნების შემდგომ. უფრო უკეთესი კი ის იქნებოდა, დავლოდებოდით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიპოვა რუკები, მთავარია, ისინი ავთენტური იყოს… თუ ვინმემ და მით უფრო რუსეთმა მოგვცა ეს რუკები, ცხადია, მას მხოლოდ გარეჯა არ ადარდებს და კიდევ რაღაც დგას ამის უკან, კრემლს, სავარაუდოდ, რაღაც მიზანი აქვს. ეს შესაძლოა იყოს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის დარღვევა, რაც დიდი ხანია სურს. აქ რომ საქმე მხოლოდ კომერციას და ვიღაცის მიერ დიდი ფულის გადახდას არ შეეხება, ცხადია. მე იურიდიულ მხარეს არ ვეხები, მხოლოდ პოლიტიკურზე ვლაპარაკობ და ამიტომაც გაჩნდა კითხვები. ხელისუფლებამ კეთილინებოს და გასცეს პასუხები. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ყველა ვერსიას, მათ შორის იმას, რომ ეს საარჩევნო ხრიკია, რომ ეს კრემლის გავლენების გამო ხდება აქვს არსებობის უფლება აქვს.

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება უფრო მასშტაბური ხდება, ვფიქრობ, რომ რუსეთი გარკვეულ დრომდე დაიცდის, ე. წ. სამშვიდობო კარტს გაათამაშებს, ერთ მშვენიერ დღეს კი იტყვის, ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ამოიწურა ყველა შესაძლებლობაო და იმოქმედებს. საქმე ისაა, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი სომხეთს დაკარგავს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე და მეეჭვება, რუსეთმა ეს დაუშვას. განსაზღვრულ ეტაპზე, ვფიქრობ, რუსეთი ჩაერევა ამ კონფლიქტში. რამდენად გააღრმავებს ეს რუსულ-თურქულ ტრადიციულ დაპირისპირებას, ძნელი სათქმელია. არა მგონია, რუსეთი ან თურქეთი მზად იყვნენ, ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად, მაგრამ ეკონომიკურ-დიპლომატიური ომი მოსალოდნელია. ევრაზიის კონტინენტზე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრებია. ჩვენს რეგიონში მარტო რუსულ და თურქულ გავლენაზე არ არის ლაპარაკი, ჩანს ჩინეთისა და ირანის ინტერესებიც.

მე ზოგადპოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ და არა მარტო ყარაბაღის კონფლიქტს. თუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება გართულდა, მერწმუნეთ, აუცილებლად წამოიწევს ჩინეთის და ირანის ინტერესებიც. ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენმა ხელისუფლებამ ინტენსიურად უნდა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან – აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვუთხრათ რუსეთს ან თურქეთს, თუ ისინი მოგვთხოვენ სამხედრო ტექნიკის სომხეთის თუ აზერბაიჯანის მიმართულებით გატარებას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დასავლეთის დიდი მხარდაჭერა დაგვჭირდება. საქართველო ძალიან სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას, რაც დღესვე უნდა იქნეს აშშ-სა და ნატოს ქვეყნებთან ერთად განხილული”, – აცხადებს ძაბირაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები