ირაკლი კობახიძე: ბათუმში გამართული, “ნაციონალების” აქცია იყო შეგნებული მცდელობა, ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთის

„როდესაც გაქვს მცდელობა, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, 16 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ბათუმში გამართული აქციის შეფასებისას.

„საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე გვქონდა მსჯელობა და ჩვენ მაშინ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არავითარი ფორმით აკრძალვები არ დაგვეწესებინა საარჩევნო აგიტაციის კუთხით და ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა. მათ უნდა ემოქმედათ ამ პასუხისმგებლობით და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, საარჩევნო აგიტაცია ვერანაირ დამატებით პრობლემას ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვერ შექმნიდა. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე გავიაზრეთ და ყველა ღონისძიება, რომელიც „ქართული ოცნების” მიერ ტარდება, იმართება იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებსაც ეპიდემიოლოგები იძლევიან. ეს რეკომენდაციები ყველასთვის არსებობს და მათი გათვალისწინება ყველას ვალია, არა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული შედეგები იქნეს მიღწეული, არამედ იმისთის, რომ ადამიანების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. გუშინ პოლიტიკურმა სუბიექტმა „ნაცმოძრაობის” სახით აჩვენა ის, რომ მას არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე.

ყველა სუბიექტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება აქვთ სხვადასხვა ფორმით საკუთარი ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, იქნება ეს ტელევიზიები, სოციალური ქსელები, სარეკლამო რგოლები. ერთადერთი, რაც უნდა შეუზღუდოს საკუთარ თავს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ეს არის მასობრივი შეკრებები, სადაც დაცული არ არის შესაბამისი რეკომენდაციები. ყველაზე მეტი ცდუნება აქვს „ქართულ ოცნებას” – ჩვენ შეგვიძლია ნახევარი მილიონი ადამიანი ჩამოვიყვანოთ თბილისში და მასშტაბური აქცია გავმართოთ, რასაც შეიძლება დამატებითი ეფექტი ჰქონდეს ჩვენ საარჩევნო შედეგზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ.

გუშინ ათას ხუთასი ადამიანი შეკრიბეს ბათუმის ქუჩებში ანუ ამ პატარა ცდუნებასაც ვერ გაუძლეს. რატომ? ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობის შედეგი. საზოგადოების უმეტეს ნაწილს და მეც ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იყო მხოლოდ უპასუხისმგებლობა რაც გუშინ გამოავლინა „ნაციონალურმა მოძრაობამ”. ეს იყო შეგნებული მცდელობა ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის. როდესაც ქალაქში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტია კონცენტრაცია და ატარებ ათას ხუთას კაციან შეკრებას, როდესაც ე.წ. მარშუტკებით ჩაგყავს ადამიანები და სხვა რაიონებში უკან აბრუნებ და მცდელობა გაქვს, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. არჩევნებამდე სამართლებრივი სანქციები ვერ დაწესდება, არსებობს რეკომენდაციები და როდესაც ისინი ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ისინი ქართველი ამომრჩევლისგან 31 ოქტომბერს შესაბამისს პასუხს მიიღებენ. ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და ისინი იმაზე უფრო დაბალ შედეგს მიიღებენ, ვიდრე თუნდაც ბოლო კვლევები აჩვენებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები