გიორგი გახარია: ოქტომბრის ბოლოდან არსებულ რეისებს დაემატება ფრენები საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით – ეს მოგვეხმარება, მათ შორის, დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანისთვის
ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებს ფრენები დაემატება, ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან ეფექტურად გამოვიყენეთ საკარანტინო სივრცეები და დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან უწევთ საკარანტინო სივრცეებში 12 დღე ყოფნა. მას შემდგომ, რაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნოემბრიდან ეტაპობრივად საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად, პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება, ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზის მიმართულებით და მიუნხენის მიმართულებით. პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებით დამატებითი რეისების დაწესება, რაც გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს ევროპაში გადაადგილების შესაძლებლობას და ეკონომიკას მისცემს ცოტა უფრო მეტ ჟანგბადს, ასევე მოგვეხმარება, მათ შორის, დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანისთვის. ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის მიმართულებით, ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. ამას ჩვენ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება,” – განაცხადა პრემიერმა.