შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს.
1996 წელს დაბადებულ ო.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი, „ეკოლ არას მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.