რა წერია დავით გარეჯზე წერილში, რომელიც ზურაბ ნოღაიდელმა აზერბაიჯანის პრემიერს მისწერა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი – “არქივი”, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის წერილს ავრცელებს.
როგორც წყარო წერს, წერილში, რომელიც, ნოღაიდელმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს მისწერა, დავით გარეჯის კომპლექსი მოხსენიებულია, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლი.
“ზურაბ ნოღაიდელის წერილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს: როგორც თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე დავით გარეჯის კომპლექსის ისტორიული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.
როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება ოფიციალურ წერილში აღიარებს, რომ დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ეს მათ დამოკიდებულებას ნათლად გამოხატავს, რომ დავით გარეჯი აღარაა საქართველო!
რა კარტოგრაფების საქმე? რა ილიჩოვა?”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.